კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. თუმცა, მისი თქმით, "საჭიროა უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების გათვალისწინება".
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс ავრცელებს.
ჟურნალისტების შეკითხვას, მზად არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისთვის, დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება მოლაპარაკებისთვის:
"პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის. ამასთან, სამართლებრივი შეთანხმებების ფორმალური გაფორმება სერიოზულ განხილვას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ზელენსკის ლეგიტიმურობის შესაძლო გაპროტესტებაზე მიუთითებს" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.





