ბათუმი

საია: ბათუმში მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას ადასტურებს

ბათუმი, "ოცნების ქალაქი"
ბათუმელები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს. 

"საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს.

არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას, ეს კი ადასტურებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით.

ამ ყველაფრის ფონზე, კი, საგანგაშოა, ასევე, რომ მომხდარის ადგილზე მუშაობის ჯეროვანი შესაძლებლობა არ ეძლეოდათ მედიის წარმომადგენლებს.

საგანგაშოა, რომ, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის განცხადება არსად ახსენებს გამოძიების საკითხს, თუნდაც ფორმალურად, რაც უკვე ისედაც მიტაცებული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის უმოქმედობის პოლიტიკური გზავნილია.

დამატებით, მივუთითებთ, რომ ბათუმის მერია ვალდებულია, ტერიტორიაზე მსგავსი სხვა თხრილების არსებობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება" - წერია საიას განცხადებაში.

ცნობისთვის, 15 თებერვალს, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით, 8 თებერვალს სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიიღო მონაწილეობა. 

როგორც ივანიშვილის პრემიერმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, ე.წ. ოცნების ქალაქი "ჩვენი  სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა".

გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას მივიდა.

ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ "მნიშვნელოვანია", რომ ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, "არ იყო სამშენებლო ტერიტორია". 

"ძალიან მნიშვნელოვანია, [აღვნიშნოთ], რომ ეს არ არის მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი, ეს არის მოშორებით, აქ, სადაც მშენებლობაა, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს". - თქვა ფუტკარაძემ. 

კომენტარები