ამერიკული ტელევიზია Fox News-ის ასოცირებული პროდიუსერის, ნანა საჯაიას თქმით, საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე აშშ-სა და რუსეთს შორის, უკრაინული მხარე "არც მიიწვიეს და არც ამის შესახებ შეატყობინეს". ინფორმაციას საჯაია უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უკრაინელი მაღალჩინოსანი მეუბნება, რომ აშშ-რუსეთის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში, უკრაინული მხარე "არც მიიწვიეს და არ [ამის შესახებ] შეატყობინეს". - წერს საჯაია X-ზე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებოდნენ, რათა რუსულ და უკრაინულ მხარეებთან ერთად ომის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ. გამოცემას ამის შესახებ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა.
Politico-ს ცნობით, აშშ-ს დელეგაციაში იქნებიან აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი.
თუმცა, ზემოხსენებული ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, დელეგაციაში არ იქნება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი.
წყაროების ცნობითვე, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ მსხვილი ევროპული ძალების წარმომადგენლები. როგორც გამოცემა წერს, ამ ფაქტმა შესაძლოა, NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნების შეშფოთება გამოიწვიოს, ვინაიდან მათ ხშირად მოუწოდებიათ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, უზრუნველყოფილიყო მათი ადგილები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ტეხასელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ მაკკოლმა უოლცისა და უიტკოფის გეგმა, შეუერთდნენ მარკო რუბიოს საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში POLITICO Pub-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის საუდის არაბეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრას მოელის. ტრამპის თქმით, ისინი "საბოლოოდ მოელიან, რომ შეხვდებიან" და ისინი "შეხვდებიან საუდის არაბეთში, რათა ნახონ, რისი გაკეთება შეუძლიათ".