მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდასთან მარტო არ დავსხდებით

აზერბაიჯანმა იმიტომ, რომ [რუსებმა] თვითმფრინავი ჩამოუგდეს, გააუქმა რუსული ცენტრი, არ შემოუშვა ქვეყანაში რუსეთის დუმის წევრი და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლებოდა, აზერბაიჯანს გადაედგა. რატომ გააკეთა და რამ მისცა მას ასეთი ქმედების საშუალება? აზერბაიჯანს რეგიონში მოკავშირე თურქეთი ჰყავს.

ვინ არის ჩვენი რეგიონული მოკავშირე? როცა ახალი არჩევნები იქნება, ვინ არის ჩვენი მოკავშირე, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე არ დაგვჩაგროს რუსეთმა, რისი ჩანაფიქრიც ჰქონდა პუტინს, როცა პირდაპირ ტრამპს ელაპარაკა და "უკრაინა არ გვინდა" და "ჩვენ დავლაგდეთო". მთელი ევროპა აღშფოთებულია, მაგრამ იმედია, რომ ძალიან ცოტა ხანში ძალიან ბევრი გაირკვევა. ვინ არის ჩვენი მოკავშირე, ვის ეუბნები, დამიდექი გვერდში, რუსეთს უნდა ველაპარაკო და შუამავლად დამიდექიო. იმიტომ რომ მეზობელია, ნორმალური ურთიერთობა მინდა, არ მინდა ომი, მაგრამ არ მინდა, გადამყლაპოს, არ მინდა, რომ 20% გახდეს 80% [ოკუპირებული]. [...]

[ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში] პირველი რიგში რასაც გავაკეთებთ, აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, აღვადგენთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, რომ სწრაფად მივიღოთ დაფინანსება და ფეხზე დავდგეთ. იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უსაფრთხოება არის ჩვენი მოქალაქის წელში გამართვა ეკონომიკურად, რომ მას ჰქონდეს განცდა ამ ქვეყანაში შემოსავალი მას ჰყოფნის და დაგროვების საშუალებაც უჩნდება, რომ მერე ინვესტიცია ჩადოს პატარა ბიზნესში.

პარალელურად დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდასთან მარტო არ დავსხდებით იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ; კი, დიდი ერი ვართ, მაგრამ ქვეყანა არ არის [დიდი]. ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად დაიყვანა ყველაფერი [მინიმუმამდე] – პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოების სისტემა, უშიშროების საბჭო. [ივანიშვილს] ამ ქვეყნის რუსეთზე ჩაბარება უნდა. [...]

ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ბალანსი მივიღოთ. ჩვენ ვერ გადავკეტავთ კავკასიონს და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ვერ დავაყენებთ საფრთხის წინაშე. მაგრამ ასე კაპიტულანტურად, როგორც ეს [ივანიშვილი] აკეთებს, დავალებით, ეს გამორიცხულია. ეს არის კაპიტულაცია, ეს არის ქვეყნის ჩაბარება რუსეთზე. რუსეთში მეგობრებიც მყავს, ძალიან მაგრად ვიცნობ რუსულ კულტურასაც, მაგრამ არაფერ კავშირში არ არის ის ერთმორწმუნეობა, რომლითაც უნდათ, რომ მოვიდნენ, ჩაგეხუტონ, დაგახრჩონ, მერე ხალხი დაგიხოცონ, გინტური მოგიკლან და მერე ზემოდან ცინიკურად გადმოგხედონ. ამას ვერ შევეგუებით. თუ გინდათ, რომ ამას შევეგუოთ, ეს არის ბიძინას გზა და მე გეუბნებით, სხვა გზით უნდა ვიაროთ.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ TV პირველთან საუბრისას. 

კომენტარები