მზია ამაღლობელის საქმე

ომბუდსმენი: ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო

ნეტგაზეთი

სახალხო დამცველის აპარატი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის, რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის ანგარიშში წერია, 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, ამაღლობელს ჩაუტარდა ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა, ხოლო აღნიშნული თარიღის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, მზია ამაღობელის მდგომარეობა ფასდებოდა, "როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო".

"კლინიკაში ყოფნის პერიოდში, 7 თებერვლის ჩათვლით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა და მისი მდგომარეობისა და გამოკვლევების შედეგების მიხედვით, პრაქტიკულად სრულყოფილი სამედიცინო ჩარევა.

ამ მხრივ, კლინიკის სამედიცინო პერსონალთან სამედიცინო კონსილიუმის წევრებს პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ გვაქვს.

შეიძლება ითქვას, რომ შიმშილობის 27-ე დღეს, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით ისეთი უკიდურესად მძიმე არ იყო, როგორიც ეს შესაძლებელია ყოფილიყო შიმშილობის ამ ვადაზე.

2025 წლის 7 თებერვლისთვის, სხეულის მასის კლება არ აჭარბებდა საწყისი მასის 10%-ს.

არ იყო შიმშილობის ე.წ. კეტოზის სტადია. ანალიზებით არ აღენიშნებოდა მძიმე ანემია და რკინის მძიმე დეფიციტი. არ იყო აციდოზის ლაბორატორიული მონაცემები.

არ აღენიშნებოდა გლომერულური ფილტრაციის დაქვეითება, ნორმაში იყო კრეატინინის და შარდმჟავას დონე.

სრატის ცილა და ალბუმინი იყო ნორმის ქვედა ზღვართან, ასევე, არსებითად დარღვვეული არ იყო გლიკემიური პროფილი, არ აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილება. ექოკარდიოსკოპული მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში (ჯერჯერობით არ აღენიშებოდა მძიმე შიმშილობისთვის სახასიათო გულის ზომების შემცირება).

საყურადღებო იყო ბრადკარდიისკენ მიდრეკილება, გულის რიტმი სინუსური, ბრადიკარიის ზღვარი, 60 დარტყმა წუთში.

პაციენტს არ ჰქონდა ჰიპოთერმია, არ უჩიოდა ქოშინს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის და ლაპარაკის დროს (საყურადღებო იყო, მხოლოდ მეტყველება).

არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითებას. სითხეს (წყალი) იღებდა ადეკვატურად, პერორულად.

წყლის შეგრძნებას საყლაპავის გასწვრივ, მიუხედავად იმისა, რომ ეზოფაგოგასტროდუდენოფიბროსკოპიით დადგენილი ჰქონდა რეფლუქს-ეზოფაგეტის დიაგნოზი LA-C ვარიანტი (დიდი ზომის შერწყმისკენ მიდრეკილი ღმრა ეროზიები საყლაპავის დისტალურ ნაწილში).

2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ნარჩუნდება გლუკოზის ხსნარის ინფუზიით, ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნებული იყო ელექტროლიტების სისტემური ინფუზიით.

ანემიას მკურნალობდნენ რკინის და B ჯგუფის ვიტამინების ინფუზიით (B1; B2; B6 და B12). არ იყო გამოხატული რკინის და B12 ვიტამინის მძიმე დეფიციტი, მძიმე ანემია.

B1 ვიტამინი ეძლეოდა ვერნიკეს შესაძლო ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის (2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტს ამ სინდრომის სიმპტოპმები არ აღენიშნებოდა).

კიდურების მოძრაობა თავისუფალი, პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. არ უჩიოდა მუცლის ტკივილს, არ ჰქოდა გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომატიკა (ამისთვის დანიშნული ჰქონდა PPI და ანტაციდი).

2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს, დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე - კეტოზის და მესამე - ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა.

ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე.

ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს, ვურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწყო კვება სპეციალური გაიდლაინის მიხედვით ან თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას (რაც იყო კიდეც მისი გადაწყვეტილება), დაკვირვება და მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკის პირობებში". - წერია ანგარიშში.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები