უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის სამშვიდობო პირობების მხრივ აშშ-სთან ყველაფერი განიხილოს, მათ შორის NATO-ში წევრობაზე უარის თქმაც, თუმცა არსებობს წითელი ხაზებიც, კერძოდ, უკრაინა არ აპირებს, ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიული სტატუსი განიხილოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენში ჟურნალისტებთან ილაპარაკა.
"პრეზიდენტ ტრამპს გადავეცი, რომ მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში ვისაუბრო. არანაირი წინაპირობები. მზად ვართ, ვილაპარაკოთ ყველაფერზე - [სამხედრო] კონტინგენტიდან NATO-მდე". - თქვა ზელენსკიმ.
გამოცემა Європейська правда-ს კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ს პოზიცია NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ესმის და არ არის დარწმუნებული, რომ ის მომავალში შეიცვლება.
"დღევანდელი ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი NATO-ზე სასაუბროდ მზად არ არიან. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინას არ შეუძლია NATO-ში იყოს. მათი აზრით, ის, რომ NATO უკრაინის კონსტიტუციაშია, რუსული ოკუპაციის მთავარ მიზეზს წარმოადგენს". - თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვას გადახედოს. მანვე დაამატა, რომ NATO-ში გაწევრიანების სურვილს არა "სიტყვა", არამედ უსაფრთხოების გარანტიები განაპირობებს.
"გვსურს, რომ NATO-ში ვიყოთ? დიახ. მაგრამ სიტყვა "NATO"-ს გამო? [არა], უსაფრთხოების გარანტიების გამო". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ NATO-ს წევრობაზე უარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოების გარანტიების შესრულება და დაცვა,
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული განსაზღვრების ცვლილება არ განიხილება.
"იურიდიულად ჩვენ არასდროს არ ვაღიარებთ ამ ტერიტორიებს "რუსულად", ან არა რუსულად, არამედ სხვაგვარად [უკრაინულის გარდა]. ეს ნამდვილად წითელი ხაზია, ეს კონსტიტუციაში წერია. ამის გადაწყვეტა მხოლოდ უკრაინელ ერს შეუძლია". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ს ხელისუფლებას უკრაინის წიაღისეულზე წვდომის შესახებ შეთანხმების სამუშაო ვარიანტი გადასცეს.
გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას სურს, იმოქმედოს "საერთაშორისო სამართლის შესაბამისად [...] და პუტინის დაბრუნებაზე მთელი მსოფლიოსთვის სამომავლო შიშების პრევენციის შესაბამისად".
როგორც ზელენსკიმ თქვა, ვერ ხედავს, რომ აშშ-ს ომის შესაჩერებლად "გამზადებული გეგმა" აქვს.
14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. ცნობილი იყო, რომ ზელენსკი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უნდა შეხვედროდა. თუმცა Kyiv Independent საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გადაიდო, რათა აშშ-მკიევის მიერ შეთავაზებული პარტნიორობის დოკუმენტი განიხილოს.
დღეს, 14 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუნხენში აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე ილაპარაკებენ.
"რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად. უკრაინაც დაპატიჟებულია". – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა თქვა, რომ უკრაინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრას არ აპირებს.