ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-მ ICC-ის მთავარ პროკურორს, კარიმ ხანს სანქციები დაუწესა

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo

აშშ-მ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარ პროკურორს, კარიმ ხანს ფინანსური და სამგზავრო სანქციები დაუწესა.

ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრების ორდენების გაცემას უკავშირდება. 

აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) ხანი სანქცირებულ პირთა სიაში (SDN) შეიყვანა, რაც აშშ-ში მისი ქონების გაყინვასა და ქვეყანაში მისთვის შესვლის აკრძალვას გულისხმობს. გარდა ამისა, აშშ-ს ტერიტორიაზე ან ამერიკელი მოქალაქეების მხრიდან სანქცირებულ პირთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციები იკრძალება.

გაეროსა და აშშ-ს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ხანს ნიუ იორკში რეგულარულად მგზავრობა უნდა შეეძლოს, რათა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ჰააგის სასამართლოსთვის განსახილველად ჩაბარებულ სასამართლო საქმეებზე ანგარიშები წარადგინოს. 

"გვჯერა, რომ პირების წინააღმდეგ ნებისმიერი შეზღუდვა მასპინძელი ქვეყნის გაეროს შტაბის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად შესრულდება". - თქვა გაეროს სპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაკმა. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

10 იანვარს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ნებისმიერი უცხოელი პირისთვის, ვინც იძიებს, აპატიმრებს, აკავებს ან ბრალს სდებს აშშ-ს ან მოკავშირე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის, მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ სასამართლოს წევრები.

21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა

"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".

"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ორდენის გაცემას.  

ბაიდენი გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელს" უწოდებს და ამბობს, რომ აშშ ყოველთვის იდგება ისრაელის გვერდით.

"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელია. მინდა კიდევ ერთხელ გარკვევით ვთქვა: რა მინიშნებაც არ უნდა გააკეთოს ICC-მ, არანაირი ტოლობა არ არსებობს ისრაელსა და ჰამასს შორის" – წერია ბაიდენის განცხადებაში.

კომენტარები