აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის თავმჯდომარეც პირველად იყო გაერთიანებული სამეფო, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.
ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს, ევროპის მსგავსად, "სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს", მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის "2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა".
"ამ წარმოსახვითი მიზნის დევნა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს". - თქვა მან.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თქმით, "უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიცავდეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი ხელახლა არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკი 3.0".
"ამის მიუხედავად, აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი". - დაამატა მან.
სამშვიდობო გეგმის ფარგლებში სამომავლოდ რუსული აგრესიის აღკვეთის მნიშვნელობაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც აქვს ყურადღება გამახვილებული. მისი თქმით, უკრაინას არ სურს იმ სამშვიდობო შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების გამოცდილების გამეორება, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე შედეგები ვერ გამოიღო.
ამასთანავე, ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სახის უსაფრთხოების გარანტიას ზურგს "ქმედუნარიანი ევროპული და არაევროპული სამხედროები" უნდა უმაგრებდეს, თუმცა, თუკი აღნიშნული სამხედროები უკრაინაში სამშვიდობო ძალებად გაიგზავნება, ეს NATO-ს ეგიდის გარეშე უნდა მოხდეს და ეს ძალები არ უნდა იყოს NATO-ს მე-5 მუხლით დაცული, რაც კოლექტიური თავდაცვის პრინციპს გულისხმობს.
სიტყვით მიმართვისას ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა შეხების ხაზზე "მტკიცე საერთაშორისო ზედამხედველობის" არსებობის მნიშვნელობას, მაგრამ ასევე განმარტა, რომ უკრაინისთვის მინიჭებული სამომავლო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა არ მოხდება.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგოპოლიტიკის მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, "იმისთვის, რომ ეფექტურ დიპლომატიას შევუწყოთ ხელი და დავწიოთ ფასები ენერგიაზე, რომელიც რუსულ ომის მანქანას აფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი ათავისუფლებს ამერიკის ენერგო წარმოებას და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, რომ იგივე გაიმეორონ".
"უფრო დაბალი ფასები, ენერგიაზე სანქციების უფრო ეფექტურ აღსრულებასთან ერთად, რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიყვანს". - თქვა მან.
მოკავშირეებთან საუბრისას ჰეგსეთმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ევროპული უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანი უნდა იყოს NATO-ს ევროპელი წევრებისთვის".
"ამის ფარგლებში უკრაინას სამომავლო ლეტალური და არალეტალური დახმარების უდიდესი წილი ევროპამ უნდა მიაწოდოს. ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა გამოწვევებს უნდა უპასუხონ. ეს ნიშნავს უფრო მეტი საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემას, შედარებითი უპირატესობების ბერკეტად გამოყენებას, საკუთარი სამრეწველო ბაზის გაფართოებასა და უფრო მნიშვნელოვნად, საკუთარ მოქალაქეებთან პირისპირ საუბარს იმის შესახებ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ევროპა". - განაცხადა ჰეგსეთმა.
მანამდე, იგივე პოზიცია აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა 9 თებერვალს NBC-სთან ინტერვიუშიც გააჟღერა. უოლცის თმით, აშშ მომდევნო კვირის მანძილზე განიხილავს, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, თუმცა დაამატა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.
ჰეგსეთმა ასევე გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებები ალიანსის მოკავშირეების მიმართ, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-იანი მაჩვენებლიდან 5%-მდე გაზარდონ.
ტრამპს როგორც პირველი, ასევე მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს ხშირად აქვს გამოთქმული უკმაყოფილება NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის მხრივ გაწეული არასაკმარისი ხარჯის გამო. ამ კუთხით ლიტვამ და ესტონეთმა უკვე დადეს პირობა, რომ ქვეყნის თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-ზე მეტს დახარჯავენ, რათა მნიშვნელოვნად გააძლიერონ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები.
Financial Times-ის ინფორმაციით, NATO-ს წევრი სახელმწიფოები გეგმავენ, 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდა განიხილონ.
შვიდი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, ესპანეთი და იტალია, ამ დრომდე ვერ ასრულებს 2014 წელს აღებულ ვალდებულებას, რომელიც, სულ მცირე, მშპ-ის 2%-ის თავდაცვის ხარჯებზე გამოყოფას ითვალისწინებდა. ესპანეთი თავდაცვაზე მშპ-ის მხოლოდ 1.28%-ს ხარჯავს, რაც ალიანსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო იტალიის ხარჯი 1.49%-ს შეადგენს.
2018 წლის მონაცემებით, მშპ-ს 2%-ს თავდაცვის სფეროში მხოლოდ 6 წევრი სახელმწიფო ხარჯავდა, ალიანსის გამოთვლების მიხედვით, NATO-ს 32 წევრიდან 23 წელს უკვე მიაღწევს არსებულ 2%-იან მიზანს.
ამის მიუხედავად, სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მონაცემებით, 2024 წელს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 42%-ით გაიზარდა და $462 მილიარდი შეადგინა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, რაც ერთობლივად აღებული ევროპული ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტს აღემატება, რამაც 2024 წელს $457 მილიარდი შეადგინა.
ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დასახული საგარეო პოლიტიკა ჰეგსეთმა იმით ახსნა, რომ ახალი მკაფიო "სტრატეგიული რეალობები" ხელს უშლის აშშ-ს, "უპირველეს ყოვლისა ევროპის უსაფრთხოებაზე იყოს კონცენტრირებული".
"აშშ ჩვენი სამშობლოს მიმართ მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დგას. ჩვენ უნდა ვიყოთ, და ვართ, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებაზე კონცენტრირებულები. ჩვენ ასევე კომუნისტური ჩინეთის სახით თანასწორი კონკურენტის წინაშე ვდგავართ, რომელსაც შესაძლებლობა და განზრახვა აქვს, რომ ჩვენს სამშობლოსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მთავარ ეროვნულ ინტერესებს დაემუქროს". - დაამატა მან.
ჰეგსეთმა განმარტა, რომ ხსენებული სტრატეგიული რეალობის გათვალისწინებით, "აშშ პრიორიტეტულს ხდის წყნარ ოკეანეში ჩინეთთან ომის არ დაშვებას".
"ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ სამუშაოს ისეთი გადანაწილება, რომელიც მაქსიმალურად ზრდის ჩვენს შედარებით უპირატესობებს, შესაბამისად, ევროპასა და წყნარ ოკეანეში". - თქვა მან.
ტრამპის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, გააორმაგონ ძალისხმევა და ხელახლა აიღონ ვალდებულება "არა მხოლოდ უკრაინის მყისიერი უსაფრთხოების საჭიროებების მიმართ, არამედ ევროპის გრძელვადიანი თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის მიზნების მიმართაც".
სიტყვით გამოსვლის ბოლო ნაწილში ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ "აშშ ერთგული რჩება NATO-ს ალიანსისა და ევროპასთან ერთად თავდაცვითი პარტნიორობის მიმართ, წერტილი, მაგრამ აშშ აღარ იქნება ტოლერანტული უთანასწორო ურთიერთობის მიმართ, რომელიც დამოკიდებულებას ახალისებს".