ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა გაუქმდეს. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ისრაელის პრემიერმინისტრმა ჰამასს მძევლების დაბრუნებისთვის შაბათ დღის 12:00 საათამდე მისცა ვადა.
"სამხედროები დაუბრუნდებიან ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს იქამდე, სანამ ჰამასი საბოლოოდ არ დამარცხდება". – ციტირებს გამოცემა ნეთანიაჰუს სიტყვებს.
10 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი შაბათს შუადღემდე უნდა გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰამას-ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების წინადადებით გამოვა და "ჯოჯოხეთი დაიწყება".
"ვიტყოდი... და ნებას მივცემ... რადგან ეს ისრაელის გადასაწყვეტია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თუ ყველა მძევალს არ დააბრუნებენ შაბათს 12:00 საათისთვის - ვფიქრობ, ეს მისაღები დროა - ვიტყოდი, გააუქმეთ [შეთანხმება] და მერე წესების გარეშეა, ჯოჯოხეთი დაიწყება". - თქვა ტრამპმა.
ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მძევლები ერთიანად უნდა გათავისუფლდნენ და არა ნაწილ-ნაწილ.