პარტია გახარია საქართველოსთვის

ივანიშვილმა რეჟიმს სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება გადააყოლა – პარტია საქართველოსთვის

გახარია საქართველოსთვის

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა, თეონა აქუბარდიამ და გიორგი შარაშიძემ, ერთობლივ ბრიფინგზე ქართული ოცნების პირობებში უსაფრთხოების რისკებზე ისაუბრეს.

აქუბარდიას თქმით, ივანიშვილმა რეჟიმის დაცვას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების უსაფრთხოება გადააყოლა და ამის მაგალითებად დაასახელა, 27 იანვარს მაგთის ინტერნეტის სრული ერთი დღით გათიშვა, ხოლო 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენის "საეჭვო დაზიანება", რომელიც ვაკე-საბურთალოს გაზით ამარაგებს.

"ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყნის და ხალხის ღალატს ყალბი მშვიდობით ყიდდა, საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის დაცვას გადააყოლა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება და ასიათასობით მოქალაქე, რომელიც ჯერ ინტერნეტის გარეშე დარჩა სრული 1 დღით და ახლა უკვე გაზის. ამ დროს კი შსს, რომლის ვალდებულებაცაა სტრატეგიული ობიექტების დაცვა დასდევს მოქალაქეებს, სტუდენტებს,იჭერს და აჯარიმებს ქუჩებში პროტესტის გამოხატვის გამო.

მოვლენათა ქრონოლოგიით რომ ვისაუბროთ, საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტპროვაიდერი მაგთი 27 იანვარს განმარტავდა, რომ მის სამ მილიონზე მეტ აბონენტს ინტერნეტი გაეთიშა და თურქეთში და საქართველოში ქსელის დაზიანების გამო. ამავე განცხადების თანახმად, საქართველოში მომხდარი სამი
"საეჭვო დაზიანების" ფაქტზე ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს მიაწოდეს, თუმცა საზოგადოებისთვის შსს-გან არ გაკეთებულა განცხადება ამ სავარაუდო დივერსიაზე გამოძიების შესახებ.

აგერ უკვე 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. ვინ არის ეს მესამე პირი და რატომ იყო დაუცველი ცენტრალური გაზსადენი ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა შსს-გან არ გაკეთებულა.

თუკი ვიღაც "მესამე პირს" შეუძლია ზამთარში გათბობის გარეშე დატოვოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი (სტრატეგიულად - უმნიშვნელოვანესი) ნაწილი, შეაჩეროს ბაღების, სკოლების, საცხობების და ა.შ. მუშაობა, გასაგებია, რომ ქვეყანაში ცუდადაა საქმე, მათ შორის - უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. მაშ გამოდის, რომ თეორიულად დივერსანტთა სამკაციან ჯგუფს შესწევს ქვეყნის დედაქალაქის გაჩერება (გაზი/წყალი/დენი), ანუ კოლაფსის გამოწვევა ქვეყანაში. და ეს ხდება მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი სტრატეგიულ ობიექტებად აქცევს და იცავს რეჟიმის უსაფრთხოების დაცვისთვის მნიშვნელოვან შენობებს და გზებს (თბილის მოლის გზაც სტრატეგიულ ობიექტად აქციეს და მის დასაცავად ყველანაირი შსს რესურსი მოიხმარეს და მართლაც სტრატეგიული ობიექტები/მაგისტრალები დაუცველი ყოფილა.

ამიტომ ივანიშვილის რეჟიმს ვეტყვი, რომ მშვიდობისკენ სწრაფვა იმით კი არ უნდა გამოიხატებოდეს, რომ დაუცველი გყავდეს ქვეყანა, არამედ იმით, რომ მაქსიმალურ დაიცვას ქვეყნის და ხალხის მედეგობა!" - თქვა აქუბარდიამ. 

გიორგი შარაშიძემ თბილისის მერის, კახა კალაძის აღნიშნული ფაქტებისადმი უმოქმედობა გააკრიტიკა და თქვა, რომ "იმის ნაცვლად რომ ბატონი კალაძე თბილისელებს უხსნიდეს ავარიის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობდეს მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციაზე, ის აგრძელებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვას".

"მესამე დღეა თბილისელები ცივ ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილი, გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩა არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები - საბავშვო ბაღები, სკოლები, კვების ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების არა მხოლოდ უპასუხისმგებლობას, არამედ გაცილებით დიდი რისკების საფრთხეს, რაშიც ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველად ქცეულმა ე.წ. ხელისუფლებამ შეიძლება შეიყვანოს ქვეყანა!

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი ზაფხულშიც, როცა თბილისელები კვირაზე მეტი წყლის გარეშე დარჩნენ ცენტრალური წყალსადენის დაზიანების გამო.

არც მაშინ გვახსოვს თბილისის მერის რეაგირება და არც დღეს. იმის ნაცვლად რომ ბატონი კალაძე თბილისელებს უხსნიდეს ავარიის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობდეს მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციაზე, ის აგრძელებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვას და მოძალადე ე.წ. ხელისუფლების დაცვას!

ე.წ. "მესამე პირი" ვისაც ხელისუფლება აბრალებს ამ დივერსიას, არის სწორედ ოცნება, რომლისთვისაც სტრატეგიულ ობიექტად შეიძლება იქცეს ყველაზე უწყინარი შენობაც კი, თუ საფრთხე პერსონალურად ივანიშვილს ემუქრება და ამ დროს რეალურად სტრატეგიული ობიექტები და ხალხი დაუცველი დატოვოს!

ვეკითხები თბილისელებს - გსურთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი კვლავ ამ უპასუხისმგებლო ე.წ ხელისუფლების ხელში იყოს?!

ამიტომ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი ხელახალი არჩევნებისთვის!" - თქვა შარაშიძემ.

კომენტარები