ტრამპის ადმინისტრაცია

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, სრულად აღადგინოს ფედერალური დაფინანსებები

დონალდ ტრამპი
Jabin Botsford/The Washington Post

აშშ-ს მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, სრულად დაემორჩილოს სასამართლოს წინა ბრძანებას გაყინული ფედერალური დაფინანსებების სრულად აღდგენის შესახებ. განცხადება იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ტიპის დაფინანსება კვლავ გაყინული დარჩა, გასულ კვირას 23 დემოკრატიული შტატის გენერალურმა პროკურორმა გააკეთა. 

როუდ აილენდის საოლქო მოსამართლე ჯონ მაკკონელის გადაწყვეტილებით, ყოველი ტიპის ფედერალური დაფინანსება უნდა აღდგეს. 

ტრამპის ადმინისტრაციამ შტატებს განუცხადა, რომ მათი რწმენით, მოსამართლის ბრძანება არ ვრცელდებოდა კონკრეტული ტიპის გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურულ დაფინანსებებზე, ხოლო ზოგიერთი დაფინანსების გაცემა "ოპერაციული და ადმინისტრაციული მიზეზების" გამო დაგვიანდა. 

თუმცა, მოსამართლე მაკკონელის თქმით, მის მიერ გაცემული ბრძანება "ცხადი და არაორაზროვანი იყო", როდესაც ამბობდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით გაყინული ყოველი ფედერალური დახმარება სრულად უნდა აღდგენილიყო. 

თეთრ სახლს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

აღნიშნულმა 23-მა დემოკრატიულმა შტატმა თავდაპირველად ადმინისტრაციას თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის მემორანდუმის გამო უჩივლეს, რომელშიც ფართო სპექტრის ფედერალური დაფინანსებების გაყინვა იყო დაანონსებული. საჩივრის დარეგისტრირებიდან მალევე თეთრი სახლის ზემოხსენებულმა ოფისმა მემორანდუმი უკან გაიწვია. 

შტატების განცხადებით, ის ფონდები, რომლებიც მოსამართლის ბრძანების მიხედვით უნდა აღდგენილიყო, თუმცა კვლავ გაყინული დარჩა, მოიცავს სახლების ელექტრიფიკაციის სუბსიდირების პროგრამისთვის გამოყოფილ 4.5 მილიარდ დოლარს, სულ მცირე, 7 მილიარდ დოლარს სახურავზე დასამონტაჟებელი მზის პანელებისთვის, საშტატო, ადგილობრივ და ინდიელთა თვითმმართველობების მიერ სათბურის აირების შესამცირებლად მიღებული ზომებისთვის გამოყოფილ 5 მილიარდ დოლარსა და 117.5 მილიარდ დოლარს ჰაერის ხარისხის კონტროლისთვის. 

ცნობისთვის, 29 იანვარს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დროებით უნდა გაყინულიყო ასობით მილიარდი დოლარის ფედერალური გრანტები, სესხები და ფინანსური დახმარებები. ინფორმაციას გამოცემა ABC News მოპოვებულ მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებდა

ახალ მემორანდუმში, რომელიც ორგანიზაციებში აშშ-ს მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მეთიუ ვეითის მიერ გაიგზავნა, აღნიშნული იყო, რომ "OMB მემორანდუმი M-25-13 გაუქმებულია". 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა X-ზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა მემორანდუმი, ფედერალური გრანტების შეჩერების შესახებ, ადმინისტრაციამ გააუქმა, უცხოური დახმარებისა და ე.წ. DEI პროგრამების [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა] გაყინვის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. 

თეთრმა სახლმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეშფოთება გამოხატეს ჯანდაცვის, პოლიციის, სტიქიური უბედურებისა და ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების გაყინვის გამო. 

ამასთან, 28 იანვარს სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღნიშნული ბრძანება, ასობით მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსების დროებით გაყინვის შესახებ, ბრძანების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დროებით დაბლოკა. ფედერალური დახმარების დროებითი შეწყვეტა ძალაში 28 იანვარს, ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე უნდა შესულიყო. 

მოსამართლე ლორენ ალიხანმა ფედერალური დახმარების გაყინვის 2 თებერვლამდე შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინა დღით ორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც ფედერალურ გრანტებს იღებდნენ, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 

სარჩელში აღნიშნულია, რომ თეთრის სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსებების დროებითი გაყინვა კანონსაწინააღმდეგოა. 

კომენტარები