დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში ფედერალური დახმარების პროგრამების გაჩერების ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით პრეზიდენტთან არსებულ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოში გრანტების, სესხებისა და სხვა ტიპის ფინანსური დახმარების პროგრამების გაჩერების ბრძანება გასცა. შესაბამისი დოკუმენტის შესახებ ცნობებს Reuters და Politico ავრცელებენ.

Reuters-ს ცნობით, დოკუმენტში ნახსენები იყო ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანებები, მათ შორის, ამერიკაში ე.წ. "DEI პროგრამების" [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა] გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებაც.

"დროებითი განკარგულებით, კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, ფედერალურმა სააგენტოებმა დროებით უნდა შეაჩერონ ყველა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ფედერალური ფინანსური დახმარების გამოყოფასთან ან საქმიან ვალდებულებასთან, და სააგენტოს სხვა რელევანტურ საქმიანობასთან, რომელზეც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს აღმასრულებელ ბრძანებებს, მათ შორის, მაგრამ არამარტო, საგარეო ფინანსურ დახმარებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, DEI, "ვოუქ" გენდერის იდეოლოგიასთან, და "ახალ მწვანე შეთანხმებასთან დაკავშირებით". - წერს აშშ-ს ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს მოქმედი დირექტორი გავრცელებულ დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, ფედერალური დახმარების დროებითი შეწყვეტა ძალაში 28 იანვარს, ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე შევა.

ამასთანავე, დოკუმენტში წერია, რომ სააგენტოებს ვადა 10 თებერვლამდე აქვთ, რათა ნებისმიერ პროგრამაზე, პროექტზე ან საქმიანობაზე, რომელსაც დახმარების შეწყვეტა შეეხება, ადმინისტრაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

ამას გარდა, დახმარების შეჩერება ადმინისტრაციას მისცემს დროს, რათა სააგენტოს პროგრამებს გადახედოს და განსაზღვროს აღნიშნული პროგრამებისთვის გამოყოფილი ფინანსების საუკეთესო გამოყენება, რაც კანონთან და ტრამპის მიერ დასახულ პრიორიტეტებთან იქნება თანხვედრაში, წერია დოკუმენტში.

Politico ასევე წერს, რომ ფედერალური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დახმარების შეწყვეტა სოციალურ დახმარებასა და უფასო სამედიცინო დახმარებას არ შეეხება.

"ფედერალური რესურსების გამოყენება მარქსისტული თანასწორობის, ტრანსგენდერიზმისა და ახალი მწვანე შეთანხმების სოციალური ინჟინერიის პოლიტიკისთვის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების ხარჯვაა, რაც არ აუმჯობესებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, ვისაც ჩვენ ვემსახურებით". - წერია Politico-ს მიერ ნანახ დოკუმენტში.

ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ფედერალური მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის (DEI) ყველა ოფისისა და პროგრამის გაუქმებას, ხოლო 22 იანვრიდან ამ მიმართულებით დასაქმებული ყველა ფედერალური თანამშრომლის ანაზღაურებად შვებულებაში გაშვებას გულისხმობდა.

პერსონალის მართვის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი დავალება გაიცა ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებმაც უნდა აცნობონ თანამშრომლებს აღნიშნული ცვლილების შესახებ და მიიღონ ზომები, რათა ყველა DEI პროგრამა გაუქმდეს.

ამასთანავე, გამოცემა Bloomberg-ის მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის დროებითი ხელმძღვანელი თანამშრომლებს "არასასურველი შედეგებით" დაემუქრა, თუ ისინი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების შესახებ ინფორმაციას არ წარადგენენ. 

კომენტარები