მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უკრაინაში შეიძლება შეწყდეს ცეცხლი, თუმცა რუსეთი ვერ გააჩერებს სამხედრო მანქანას

მე მინდა გითხრათ მწარე სიმართლე, თუ რის წინაშე არის დღეს საქართველო - უკრაინაში შეიძლება შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთის რეალობას და ის ვერ გააჩერებს თავის სამხედრო მანქანას. მას აუცილებლად დასჭირდება იმ პერიოდში, როდესაც იქნება ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში და შემდგომ დიდ ომს შორის, რაიმე სახის სამხედრო კამპანიების წარმოება იმიტომ, რომ ამ კამპანიების გარეშე, რუსეთის სახელმწიფო ჩამოიშლება იმ ფორმით, რაც არის.

სად შევა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ? - ბალტიის ქვეყნებში, ალბათ, არა, რადგან ნატოს ქოლგა და პრეზიდენტი ტრამპი ამას არ გაატარებს.

აზერბაიჯანში? - არა, რადგან აზერბაიჯანს ჰყავს სერიოზული არმია და ზურგს უმაგრებს თურქეთი.

ყაზახეთში? - არა, რადგან იქაც ჩინეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთი ამას არ დაუშვებს.

რჩება მხოლოდ ორი ქვეყანა - საქართველო და სომხეთი. სომხეთ იმიტომ, რომ ვერ დაალაგა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჯერ ურთიერთობები, ძალიან დაუცველია და დიდხანს დასჭირდა თავისი პოლიტიკის ორიენტირების გარკვევა და დრო დაკარგა, საქართველო კი იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოდ დარჩენილი, ყველა ჩვენი შესაძლო მეგობარი და მხარდამჭერი გადავიკიდეთ, ჩვენი არმია გაანადგურეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღირსეული სამხედრო გვყავს. ჩვენი სამხედრო წარმოება გაანადგურეს და გააჩერეს, ჩემ მიერ შექმნილი.

ამგვარად, როგორც კი შეწყდება ცეცხლი უკრაინაში - ძალიან დიდი საფრთხეა, რომ განხორციელდება საქართველოს სრული სამხედრო ოკუპაცია და საქართველოს გავლით სომხეთის ოკუპაცია - აი, ეს არის დღევანდელი საფრთხე.

ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოები, ოლიგარქის პოლიტიკის გამო, ლანგარზე გამზადებულები რუსეთისთვის მისართმევად. თუ სასწრაფოდ არ შევცვალეთ სიტუაცია, თუ სასწრაფოდ არ გამოვცვალეთ რეჟიმი, საქართველოს დამოუკიდებლობა ითვლის არა წელიწადებს, არამედ თვეებს. საქართველოში უკვე არის დიქტატურა, შემდეგ კი მის ფორმალურ სახელმწიფოებრიობასაც მოეღება ბოლო.

თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები