გამოცემა Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში ირანის მხრიდან დონალდ ტრამპის მოკვლის საფრთხე ბევრად უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ეს საჯაროდ არის ცნობილი.
Axios-ის უფროსი პოლიტიკური რეპორტიორის, ალექს აიზენშტადტის ცნობით, ამის გამო ტრამპის გუნდმა განსაკუთრებული ზომები მიიღო, მათ შორის, სატყუარა თვითმფრინავის გამოყენებითაც, რათა მისი მოკვლის სავარაუდო მცდელობა თავიდან აერიდებინათ.
აღნიშნულ ინფორმაციას იგი საკუთარ წიგნში წერს, რომელიც ირანის მხრიდან ტრამპზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით აშშ-ს ხელისუფლების შეშფოთების მასშტაბებს ავლენს.
ავტორის თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ტრამპი 2024-ში გააფრთხილეს, რომ ირანმა აგენტები განათავსა აშშ-ში, რომლებსაც მიწა-ჰაერის რაკეტებზე წვდომა ჰქონდათ.
ტრამპის გუნდი შიშობდა, რომ ირანელები ტრამპის პირადი თვითმფრინავის "Trump Force One" ჩამოგდებას აფრენის ან დაჯდომის მომენტში ეცდებოდნენ. ხოლო ეს შიში უფრო მძაფრი გახდა 15 სექტემბერს, როდესაც ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბის მოედანზე მისი მკვლელობა წარუმატებლად მეორედ სცადეს.
13 ივლისის მხარდამჭერების ყრილობაზე ტრამპის მკვლელობის პირველ მცდელობასთან ირანი არ დაუკავშირებიათ, თუმცა ფლორიდაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტრამპის დაცვა საკმარისად შეშფოთებული იყო ირანული საფრთხის შესახებ, რომ ტრამპი ღონისძიებაზე მისი მეგობრის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავით გაამგზავრეს. ხოლო მისი გუნდის დიდი ნაწილი Trump Force One-ით გაემგზავრა, რასაც ზოგიერთ მათგანში უკმაყოფილება მოჰყვა პოტენციური საფრთხის გამო.
Axios-ის ცნობით, ტრამპის თვითმფრინავზე მყოფი დამხმარეების დიდმა ნაწილმა უცბად შედგენილი გეგმის შესახებ გაფრენამდე მხოლოდ ცოტა ხნით ადრე გაიგეს, როდესაც ტრამპის ადგილი ფანჯარასთან ცარიელი იყო.
ამავე დღეს საიდუმლო სამსახურმა სატყუარა საავტომობილო ესკორტი მოაწყო და ტრამპმა და მისმა გუნდმა სხვადასხვა ესკორტით იმგზავრეს.





