რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ უკრაინულ წიაღისეულზე წვდომაზე შეთანხმება გვსურს

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი
Julia Demaree Nikhinson | Credit: AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაცია სურს, უკრაინამ და აშშ-მ შეთანხმებას მიაღწიონ, რომლითაც უკრაინა აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათ წიაღისეულს გადასცემს

"ჩვენ გვსურს უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ისინი შეინარჩუნებენ, რასაც ჩვენ ვაძლევთ იშვიათი წიაღისეულისა და სხვა რაღაცების სანაცვლოდ. ჩვენ გვსურს გარანტია. ჩვენ მათ ფულს ძალიან სწრაფად ვაძლევთ". - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

როგორც გამოცემა Bloomberg წერს, უკრაინას იშვიათი წიაღისეულის რაიმე მნიშვნელოვანი რეზერვები არ გააჩნია, თუმცა ქვეყანას ნამდვილად აქვს ურანისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, მათ შორის, ტიტანის, ლითიუმისა და გრაფიტის რეზერვები. კიევის გამოთვლებით, მათი ღირებულება ტრილიონობით დოლარსაც კი შეიძლება შეადგენდეს. 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლელი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აქამდეც შეუთავაზებია ბუნებრივი რესურსები. მეტიც, ეს შეთავაზება ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" ნაწილიცაა, რომელიც გასულ წელს დასავლელ ლიდერებს, მათ შორის, ტრამპსაც წარედგინა. 

ამასთან, გასული წლის 14 დეკემბერს New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ ორჯერ გადადო ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეთანხმება ამერიკულ სამხედრო დახმარებაში უკრაინული ბუნებრივი რესურსების გაცვლის შესახებ. ამის მიზეზი სავარაუდოდ იყო უკრაინული მხარის მცდელობა, მიეცა დონალდ ტრამპისთვის შესაძლებლობა, შეთანხმების დადება საკუთარ მიღწევად გამოეცხადებინა. 

"უკრაინა გეგმავდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულების გაფორმებას წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ ორჯერ გადადო შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რაც ორივე მხარის ოფიციალური პირების თქმით, არის სიგნალი იმისა, რომ კიევი შესაძლოა, ელოდებოდა ბატონ ტრამპს, პრეზიდენტის ოფისში წარედგინა გარიგება, როგორც მისი ადმინისტრაციის ადრეული გამარჯვება". - წერია New York Times-ის სტატიაში

    კომენტარები