იურისტ საბა ბრაჭველს ტაბულა იმ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით ესაუბრა, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ეხება.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.
ბრაჭველის თქმით, "აქამდე დასჯადი იყო გინება ან ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. აქამდე ისჯებოდა ადამიანისთვის დედის შეგინება ქუჩაში ან სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუნდაც სოციალურ სივრცეში, თუ ამაზე ეს ადამიანი იჩივლებდა".
"ამ ახალი სამართალდარღვევის შემოტანა ნიშნავს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთან ან საჯარო მოსამსახურესთან რომ მიხვიდე და უთხრა რომ ის არის კორუმპირებული, გაუნათლებელი ან დიპლომი არ აქვს, ან რაღაც ისეთი უთხრა, რაც მას თავს აგრძნობინებს შეურაცხყოფილად და სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, ჩათვლის, რომ ეს იყო შეურაცხყოფა, ამ ყველაფერზე იქნება სამოცდღიანი პატიმრობა ან ჯარიმის შესაბამისი ოდენობა." - აცხადებს უფლებადამცველი.





