რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი უკრაინასთან და რუსეთთან დისკუსიებზე: ვფიქრობ, რომ კარგად მიმდინარეობს

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მის ადმინისტრაციას უკრაინასთან და რუსეთთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი და დისკუსიები კარგად მიმდინარეობს. 

ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა.

"როგორც იცით, ძალიან დატვირთული შაბათ-კვირა გვქონდა, [...] ვმუშაობთ უკრაინასთან და რუსეთთან, სხვადასხვა მხარეებთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები და საუბრები და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები კარგად მიმდინარეობს". - თქვა ტრამპმა.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას რუსეთთან უკვე ჰქონდა "ძალიან სერიოზული" დისკუსიები უკრაინის ომთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, შესაძლოა, მან და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "მნიშვნელოვანი" ნაბიჯი გადადგან კონფლიქტის დასასრულებლად. 

ტრამპმა არ დააკონკრეტა იმ პირის ვინაობა, რომელსაც ადმინისტრაციიდან რუსეთის მთავრობასთან აქვს კონტაქტი, თუმცა თქვა, რომ ორივე მხარე "უკვე ლაპარაკობს". 

31 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ადმინისტრაციის მიზანია, ომი რაც შეიძლება მალე, მოლაპარაკების გზით დაასრულოს, რომლითაც ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა.

ინაუგურაციიდან მალევე, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს, თუ ის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. 

ტრამპს რამდენჯერმე უთქვამს, რომ 2022 წელს აშშ-ს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. ტრამპის ამ მტკიცებას პუტინი ნაწილობრივ დაეთანხმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას პუტინმა ტრამპი დაახასიათა, როგორც "ჭკვიანი და პრაგმატული კაცი", რომელიც აშშ-ს ინტერესებზე ფოკუსირდება. 

"მე ყოველთვის მქონდა საქმიანი და, ამავდროულად, პრაგმატული ურთიერთობები აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან [ტრამპთან], სანდო, ვიტყოდი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო [ომის დაწყების დროს] და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ, იქნებ, უკრაინაში არც ყოფილიყო კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო". - თქვა პუტინმა. 

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "ხალხის გამოყოფა" შეუძლია. 

ამავე ინტერვიუში პუტინი ირწმუნებოდა, რომ "მოლაპარაკებების წარმოება ნებისმიერთან შეიძლება", თუმცა ზელენსკის ძალაუფლება არალეგიტიმურია და ამიტომ მოლაპარაკებების დაწყებაც არალეგიტიმური იქნება.

კომენტარები