რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი პუტინზე: ვისაუბრებთ და ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ ომის დასასრულებლად

ენი კარნი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას რუსეთთან უკვე ჰქონდა "ძალიან სერიოზული" დისკუსიები უკრაინის ომთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, შესაძლოა, მან და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "მნიშვნელოვანი" ნაბიჯი გადადგან კონფლიქტის დასასრულებლად

"ჩვენ ვისაუბრებთ და ვფიქრობ, ალბათ, რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ. ჩვენ ომის დასრულება გვინდა. ეს ომი არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი". - თქვა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ტრამპმა არ დააკონკრეტა იმ პირის ვინაობა, რომელსაც ადმინისტრაციიდან რუსეთის მთავრობასთან აქვს კონტაქტი, თუმცა თქვა, რომ ორივე მხარე "უკვე ლაპარაკობს". 

შეკითხვაზე, უკვე ესაუბრა თუ არა პირადად პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ამაზე საუბარი არ სურდა. 

ტრამპს რამდენჯერმე უთქვამს, რომ 2022 წელს აშშ-ს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. ტრამპის ამ მტკიცებას პუტინი ნაწილობრივ დაეთანხმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას პუტინმა ტრამპი დაახასიათა, როგორც "ჭკვიანი და პრაგმატული კაცი", რომელიც აშშ-ს ინტერესებზე ფოკუსირდება. 

"მე ყოველთვის მქონდა საქმიანი და, ამავდროულად, პრაგმატული ურთიერთობები აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან [ტრამპთან], სანდო, ვიტყოდი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო [ომის დაწყების დროს] და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ, იქნებ, უკრაინაში არც ყოფილიყო კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო". - თქვა პუტინმა. 

კომენტარები