ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

"ღირსეული ნაბიჯი იყო" - კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე

კახა კალაძე

თბილისის მერი ღირსეულ ნაბიჯს უწოდებს ქართული ოცნების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებას და საზოგადოებას არწმუნებს, რომ აღნიშნული "იმ გზიდან გადახვევას არ ნიშნავს, რომელიც ქვეყანას აქვს გაცხადებული."

"კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა,
თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი
ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟონ და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც ტყუილზე, სიცრუეზეა დაფუძნებული. ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზითა და
მიზნებით, აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი.
ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, ბრიუსელი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა ქვეყანა, პატივი სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს." - ამბობს კალაძე.

ამასთან ერთად, კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, მსოფლიოში ცვლილებები მოხდება.

"ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ბრიუსელის - კორუმპირებული ბიუროკრატიის მხრიდან, უსამართლო გადაწყვეტილებებს, განცხადებებს ვისმენთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება. შეიცვლება აღნიშნული ბიუროკრატია, რომელსაც უდიდესი პრობლემები აქვს. ამ ყველაფერს ჩვენი მხრიდან ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა.

ჩვენ ვართ ქართველები, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, კონსტიტუციას,
სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. არავის მივცემთ შესაძლებლობას, აბუჩად მოიხსენიოს ჩვენი ქვეყანა და მუდმივად აშანტაჟოს ის." - აცხადებს თბილისის მერი.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში" - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს ასამბლეის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა

კომენტარები