გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტის, ღაზის სექტორიდან ლტოლვილების ეგვიპტესა და იორდანიაში გადაყვანისა და დასახლების შესახებ დონალდ ტრამპის იდეას მიუღებელი უწოდა.
"ნებისმიერი გადასახლების გეგმა, იდეა, რომ ღაზის სექტორის მოქალაქეებს გაყრიან ეგვიპტესა ან იორდანიაში, მიუღებელია" – ამბობს გერმანიის კანცლერი.
შოლცმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის ემხრობა ორი სახელმწიფო იდეას, სადაც ისრაელის და პალესტინის მოქალაქეები მშვიდობიანად იცხოვრებენ გვერდიგვერდ.
"ის მცირედი იმედი, რაც არსებობს მშვიდობის დამყარებაზე, არ უნდა გავანადგუროთ" – თქვა შოლცმა.
25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მე ვუთხარი მას [იორდანიის მეფეს], რომ სურვილი მაქვს, თქვენ მეტი ლტოლვილი მიიღოთ, რადგან ამჟამად ღაზის მთლიან სექტორს ვაკვირდები და იქ ნამდვილი არეულობაა" - ტრამპმა ჟურნალისტებთან იორდანიის მეფე აბდულა II-თან მისი სატელეფონო საუბრის მონაკვეთი გაიხსენა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ 26 იანვარს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ას-სისისთანაც ისაუბრებს. "მე მსურს, რომ ეგვიპტემაც მიიღოს ხალხი. საუბარია დაახლოებით ერთნახევარ მილიონ ადამიანზე" - დასძინა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია":
"ამიტომ, მირჩევნია, ვიმუშაო ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან და ავაშენოთ საცხოვრებელი სხვა ადგილას, სადაც ლტოლვილებმა შესაძლოა მშვიდად იცხოვრონ" - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
Air Force One-ზე ჟურნალისტებთან 20-წუთიანი კითხვა-პასუხის დროს, ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისი წინამორბედის მიერ ისრაელისთვის 2,000-ფუნტიანი (დაახლოებით 900 კილოგრამიანი) ბომბების მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.
როგორც ამერიკული მედია Axios აღნიშნავს, ბაიდენის მიერ 2024 წლის მაისში ამ ბომბების მიწოდების შეჩერების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 1800 ბომბი, რომელიც აშშ-ს საწყობში ინახებოდა ისრაელში "უახლოეს დღეებში გაიგზავნება".





