აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 იანვარს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლის მიზანიც ანტისემიტიზმთან ბრძოლაა და პირობა დადო, რომ პროპალესტინურ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არ არიან, დეპორტაციას გაუკეთებს.
"აშშ-ს პოლიტიკა უნდა იყოს, რომ გადაჭრით მოხდეს ანტისემიტიზმთან გამკლავება, ყველა ხელმისაწვდომი და შესაბამისი ლეგალური ინსტრუმენტების მეშვეობით, რათა დაიწყოს სამართლებრივი დევნა, მოშორება ან პასუხისგებაში მიცემა უკანონო ანტისემიტური შევიწროებისა და ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ". - წერია ხელმოწერილ დოკუმენტში.
ბრძანების მიხედვით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი "მყისიერ ნაბიჯებს" გადადგამს, რათა "ამერიკელი ებრაელების წინააღმდეგ ტერორისტული საფრთხეების, ცეცხლის წაკიდების, ვანდალიზმისა და ძალადობის" შემთხვევებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
ამასთანავე, ტრამპი დეპარტამენტს ავალებს, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს, რათა მოხდეს 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, "კამპუსებსა და ქუჩებში ანტისემიტიზმის აფეთქებასთან" გამკლავება.
ბრძანება აღმასრულებელი შტოს ყოველი დეპარტამენტის ან სააგენტოს ხელმძღვანელს ავალებს, რომ 60 დღის განმავლობაში პრეზიდენტს წარუდგინონ ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ანტისემიტიზმთან ბრძოლის მხრივ გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯები.
ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს უმაღლესი განათლების ინსტიტუტების წინააღმდეგ ყველა სარჩელს, რომელიც კამპუსებზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ გაზრდილი ანტისემიტიზმის შედეგად შესაძლო სამოქალაქო უფლებათა დარღვევებს ეხება.
ტრამპის ბრძანების მიხედვით, პროპალესტინურ გამოსვლებში მონაწილე ზოგიერთი სტუდენტი შესაძლოა, ფედერალური კანონის დამრღვევადაც ჩაითვალოს, რომელიც ინდივიდებს ტერორიზმის მხარდაჭერას უკრძალავს.
შესაბამისად, ბრძანება მაღალჩინოსნებს მოუწოდებს, მსგავს საქციელს დააკვირდეს და ნებისმიერი ასეთი ქმედება უცხოელი სტუდენტების მხრიდან შესაბამის ორგანოებს აცნობონ, რათა მსგავსი შემთხვევების გამოძიება და სტუდენტური ვიზის მქონე პირების დეპორტაცია მოხდეს.
2023 წლის დეკემბერში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კამპუსებზე ანტისემიტიზმის პრობლემასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, სადაც ჰარვარდის, პენსილვანიისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტების მიერ მიცემულ სუსტ ჩვენებებს ბიზნეს ლიდერების, დონორებისა და პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
კრიტიკის მთავარი სამიზნე კითხვაზე - წარმოადგენს თუ არა ებრაელების წინააღმდეგ გენოციდის მოწოდებები უნივერსიტეტების ყოფაქცევის კოდექსის დარღვევას - საგანმანათლებლო დაწესებულებების პრეზიდენტების პასუხი იყო. მათგან აშკარად არავის უთქვამს, რომ ებრაელების გენოციდისკენ მოწოდებები აუცილებლად ყოფაქცევის კოდექსის დარღვევად ჩაითვლებოდა.
ფაიზერის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ ჩვენებას "აშშ-ს აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გულის ამრევი მომენტი" უწოდა. ხოლო პენსილვანიის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ ფილადელფიაში თქვა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ლიზ მაგილის განცხადებები "მიუღებელი" და "სამარცხვინოა".
მანამდე, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას ჰარვარდის 33 სტუდენტური ჯგუფისგან შემდგარ კოალიციაში გამოეხმაურნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სტუდენტები ჰამასის თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ისრაელის "აპართეიდულ რეჟიმს" აკისრებდნენ.
ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ უკვე "75 წელია ისრაელის ძალადობა პალესტინელთა არსებობას" განსაზღვრავს. სტუდენტებმა ჰამასის თავდასხმაზე ისრაელის მოსალოდნელ პასუხს "კოლონიალური სამაგიეროს გადახდა" დაარქვეს და ჰარვარდის საზოგადოებას მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები, რათა "პალესტინელების მიმდინარე განადგურება შეწყდეს".
მოგვიანებით, 2023 წლის 9 დეკემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ლიზ მეგილი კონგრესისთვის ანტისემიტიზმზე მიცემული ჩვენების გამო უარყოფითი რეაქციების შემდეგ გადადგა.





