ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე და შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე ილაპარაკა.
"მოლაპარაკებების წარმოება ყველასთან არის შესაძლებელი, უბრალოდ ზელენსკის არ აქვს უფლება რამეს მოაწეროს ხელი, ვინაიდან მისი ძალაუფლება არალეგიტიმურია. ახლა რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, არალეგიტიმური იქნება". – თქვა პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი იურიდიული ხასიათის დოკუმენტის შექმნაა შესაძლებელი, უბრალოდ ამ ეტაპზე ის ვერ ხედავს მეორე მხრიდან ინიციატივას.
ომის გაგრძელებაზე რუსეთის პრეზიდენტმა ასე ილაპარაკა:
"თუ გათავდება სპონსორების ფული და ტყვიები, ომი 1.5-2 თვეში დასრულდება".
პუტინის მტკიცებით, რუსეთი დიდი ხნის წინ დაასრულებდა ომს, რომ არა ევროპელი ლიდერები, რომლებმაც კიევთან მისული რუსული ჯარის შეჩერება სთხოვეს, რათა უკრაინის ხელისუფლებას "საფეთქელზე იარაღის მიბრჯნის გარეშე ეფიქრა მშვიდობიან შეთანხმებაზე".
"ჩვენთვის გასაგები იყო, რომ შესაძლოა გვატყუებდნენ. რუსეთს ათობით წელია ატყუებენ. მიუხედავად ამისა, დიდი სისხლისღვრის თავიდან არიდების მიზნით, ამაზე დავთანხმდით". – თქვა პუტინმა.