სირია-ევროკავშირი

EU-ში ასადის რეჟიმის პერიოდში სირიაზე დაწესებული სანქციების ეტაპობრივ მოხსნაზე შეთანხმდნენ

Nicolas TUCAT / AFP

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის აწ უკვე დამხობილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პერიოდში სირიაზე დაწესებული სანქციების ეტაპობრივ მოხსნაზე შეთანხმდნენ, თუმცა განაცხადეს, რომ სანქციებს კვლავ დააწესებენ, თუ სირიის ახალი მთავრობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას დაიწყებს. 

ევროკავშირმა სირიის ოფიციალურ პირებისა და ორგანიზაციებისთვის აქტივების გაყინვა და სამოგზაურო აკრძალვების დაწესება 2011 წელს დაიწყო. ეს ბლოკის საპასუხო რეაქცია იყო ასადის რეჟიმის მიერ  მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე, რომელიც შემდგომში სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მინისტრები სანქციების შემსუბუქების გეგმაზე შეთანხმდნენ. კალასის თქმით, მინისტრების გადაწყვეტილების მიზანი იმ შეზღუდვების მოხსნა იყო, რომლებიც "ქვეყნის ადრეულ აღმშენებლობას ყველაზე მეტად აფერხებენ". 

კალასმა ხაზი გაუსვა, რომ მინისტრებმა მხოლოდ "პოლიტიკურ შეთანხმებას" მიაღწიეს და არა შეთანხმებას სანქციების მოხსნის დაუყოვნებლივ დაწყებაზე, რაც ჯერ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობას მოითხოვს.

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქება სირიის ეკონომიკას ზრდის სტიმულს მისცემდა და "ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარებოდა".

თუმცა მინისტრები სანქციების "უკან დაბრუნების" მექანიზმსაც უჭერენ მხარს, რათა, იმ შემთხვევაში, თუ სირიის ახალი ლიდერები სვლას არასწორი მიმართულებით დაიწყებენ, ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესდეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანი სწრაფი მოქმედებაა, ანალოგიურად ვართ მზად, შევცვალოთ კურსი იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდება". - აღნიშნა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები