ევროპის კონსერვატორიებისა და უმაღლესი სამუსიკო აკადემიების ასოციაცია (AEC) და ევროპის სასცენო ხელოვნების სტუდენტთა ასოციაცია (EPASA) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებს გმობენ და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებენ.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები "საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ფართოდ გაკრიტიკებული" იყო.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ შემოქმედებითი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე ძალადობის დადასტურებული შემთხვევებით და ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის პატივცემული წევრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტის დაკავებით".
ეს პირები დააკავეს მათი მშვიდობიანი პროტესტის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის, უფლებების, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელია. ასეთი ქმედებები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს". - წერია განცხადებაში.
ასოციაციები მმართველ პარტიას დაკავებული სტუდენტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი აქტივიზმის გამო ადამიანთა მიზანში ამოღება შემოქმედებით და თავისუფლებებს ძირს უთხრის.
"AEC და EPASA მმართველ პარტიასა და საქართველოში ყველა შესაბამის უწყებას დაკავებული სტუდენტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
მშვიდობიანი აქტივიზმის გამო პირების მიზანში ამოღება დაუშვებელია და ძირს უთხრის როგორც აკადემიურ, ისევე შემოქმედებით თავისუფლებებს. დაწესებულებები, როგორიცაა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საკვანძო როლს ასრულებენ შემოქმედებითობის, დიალოგისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობაში. სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ამ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის და საერთაშორისო თანამშრომლობას ძაბავს". - წერია განცხადებაში.
AEC და EPASA დაზარალებულ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და სასწავლებლებს სოლიდარობას უცხადებენ და ქართულ ოცნებას დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ და რეპრესიული ზომების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
"AEC და EPASA დაზარალებულ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და დაწესებულებებს სოლიდარობას უცხადებენ და ადამიანის უფლებებისა და აკადემიური თავისუფლების დაცვისადმი მათ ერთგულებას კიდევ ერთხელ იმეორებენ.
ჩვენ პარტია "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებთ, რომ მის საერთაშორისო ვალდებულებებს პატივი სცეს, დემოკრატიული ღირებულებები დაიცვას და რეპრესიული ზომები შეწყვიტოს". - წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ხოლო ქართული ოცნების ქმედებები ამ თანამშრომლობას საფრთხეს უქმნის.
"საქართველოს მმართველი პარტიის ახლანდელი ქმედებები ამ პარტნიორობებს საფრთხის წინაშე აყენებს და ქართულ დაწესებულებებს საერთაშორისო საზოგადოებას წყვეტს". - წერია განცხადებაში.
AEC და EPASA წერენ, რომ დაკავებული სტუდენტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების გათავისუფლება ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია. განცხადებაში ორგანიზაციები ასევე ადამიანის საყოველთაო უფლებებისადმი ერთგულებას ხელახლა ადასტურებენ.
"დაკავებული სტუდენტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება ნდობის აღდგენისთვისა და საქართვლოს უმაღლესი განათლებისა და კულტურის სფეროს საიმედოობის დასაცავად აუცილებელი ნაბიჯია". - წერია განცხადებაში.





