სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, როგორც მზია ამაღლობელის ისე სხვა დაკავებულების საქმეებზე, აუცილებელი არ იყო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა გამოეყენებინა.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის მუხლი, რომლიც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, არასოდეს გამიმართლებია მე პოლიციელზე თავდასხმა და არც გავამართლებ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს კონტექსტი, უნდა გვესმოდეს ადამიანის მდგომარეობა. რომ შევადაროთ, რამდენიმე დღეშიც მოხდა პოლიციელებზე თავდასხმა, სამწუხაროდ, 3 პოლიციელი დაჭრა ერთმა ადამიანმა და იგივე მუხლით მოხდა საქმის აღძვრა და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანი.
ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და არ არის აუცილებელი ყოველთვის პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა, იყოს გამოყენებული. შეიძლება იყოს გირაო, იყოს თავდებობა ან სხვა ფორმები, რომლების არ გულისხმობენ პატიმრობას.
პატიმრობა არის ყველაზე მძიმე ფორმა, იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოაცილო საზოგადოებას, ის ან მიმალვას უნდა ცდილობდეს, ან მოწმეებზე ზემოქმედებას. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი მზიას შემთხვევაში ასეთი პირდაპირი მტკიცებულებები, რომ ის ამას ცდილობდა, საქმეში არ ვიცი იყო თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან რომ მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, მოწმეებზე პირდაპირი ზემოქმედება, მოწმეთა ჩვენება არაა მტკიცებულება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფორმალურადაც ვთვლი, რომ შეიძლება იქნეს გადახედილი პატიმრობა და შეფარდებული იქნას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების ფორმა.
ზოგადად, მარტო ქალბატონი მზიას შემთხვევას არ ვგულისხმობ, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში ამ ბოლო პერიოდში და მათ მიმართაც ვთვლი, რომ ყველა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობის გამოყენება არ არის გამართლებული. მე არ ვიცი საქმეების მიხედვით რა მტკიცებულებებია, მაგრამ 40 საქმიდან ყველა როგორ არის ისეთი, სადაც პატიმრობის გამოყენება აუცილებელია? სადღაც ხო შეიძლება გირაო იყოს გამოყენებული ან სხვა ფორმა". - ამბობს იოსელიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რითაა განპირობებული სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებები, იოსელიანი პასუხობს რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ან ბოლო დროს გამკაცრებული მიდგომა სისხლის სამართლის დანაშაულებზე.
"თუ ფორმალური საფუძვლებიდან გამოვალთ კანონის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მგონია, რომ ეს უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. ვიღაცას უნდა შეეფარდოს გირაო, ვიღაცას პატიმრობა, გასაგებია, ვიღაცას კიდე სხვა აღკვეთის ღონისძიება, თავდებობა თუ სხვა, ამისთვის არსებობს ეს ალტერნატივები კანონმდებლობაში.
მოვუწოდებ მე პროკურატურას და სასამართლოსაც, უფრო ჰუმანური მიდგომები იქნეს გამოყენებული, როდესაც ადამიანების დაპატიმრებას ეხება საქმე". - განმარტავს იოსელიანი.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ამაღლობელმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.





