ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემაზე სავარაუდო კიბერშეტევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემის სავარაუდო კიბერშეტევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. 

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ამ დროისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა. ინფორმაცია ტაბულას თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა მერიამ დროებით გათიშა და ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა.

დღეს დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებიდან პროტესტის ხმა ისმოდა - ჩართული იყო საპროტესტო ლოზუნგები, პოლიტიკოსების განცხადებები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, სიმღერები.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა და მომხდარს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები