თბილისის მერია

მერია: სავარაუდო კიბერშეტევის გამო, ტრანსპორტში გადახდის სისტემა დროებით გაითიშება

თბილისის მერიის ტრანსპორტში ჩართული საპროტესტო სიმღერებისა და განცხადებების გამო, გადახდის სისტემას "პრობლემის აღმოფხვრამდე" თიშავს.

"სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება" - წერს მერია.

ტაბულა თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აპარატების პროგრამულ უზრუნველყოფაზე შპს "მს+" -ია პასუხისმგებელი.

შპს "მს+"-ში ტაბულას ეუბნებიან, რომ ტრანსპორტში გადახდის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა მათი კომპეტენცია არ არის და მასზე პასუხისმგებელი კომპანია აზრია.

აზრის თანამშრომლებმა ტაბულას შეკითხვებს არ უპასუხეს და ითხოვეს, შეკითხვა ელექტრონულ ფოსტაზე მიგვეწერა. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

დღეს დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებიდან პროტესტის ხმა ისმის - ჩართულია საპროტესტო ლოზუნგები, პოლიტიკოსების განცხადებები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, სიმღერები. 

კომენტარები