უკრაინელი ტყვეების დახვრეტა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 6 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

Getty Images

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დახვრიტეს, მიმდინარეობს გამოძიება.

"წინასწარი მონაცემებით, დონეცკის ოლქში უკრაინულ პოზიციებზე იერიშისას რუსმა ოკუპანტებმა 6 სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოგვიანებით დახვრიტეს". – წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის მოხსენებაში წერია, რომ "რუსეთმა მორიგი ომის დანაშაული ჩაიდინა, ვინაიდან ტყვეების დახვრეტა ჟენევის კონვენციის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა".

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრი ლუბინეცის თქმით, ტყვეების დახვრეტის ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

"ოკუპანტებმა თავად აღბეჭდეს ომის დანაშაული. ვიდეოში ჩანს, რომ შეუიარაღებულ უკრაინელ ტყვეებს ზურგში ესვრიან. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო, მისი ბედი ამ დროისთვის უცნობია". – თქვა ლუბინეცმა.

გენერალური პროკურატურისა და ომბუდსმენის ანგარიშების მიხედვით, რუსებმა შეუიარაღებელი უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტა 2024-2025 წლებში მოუხშირეს.

კომენტარები