რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთს ახალ სანქციებს დაადებს, თუ პუტინი შეთანხმებაზე არ წამოვა

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უნდა მოველოდეთ.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თუ ვლადიმირ პუტინი თქვენთან მოლაპარაკებებზე არ წამოვა, რუსეთზე დამატებით სანქციებს დააწესებთ?” უპასუხა, რომ "ასეა მოსალოდნელი".

ტრამპმა ასევე კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი არასდროს დაიწყებოდა, ის რომ აშშ-ს პრეზიდენტი ყოფილიყო:

"ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, კომპეტენტური პრეზიდენტი რომ გყოლოდა, რაც ასე არ იყო, ომი არ მოხდებოდა. ომი უკრაინაში არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს ვერ მოხდა, რადგან არჩევნები გაყალბდა". - თქვა მან.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, პუტინმა უკრაინაში შესვლით ბაიდენის მიმართ "უპატივცემულობა გამოიჩინა", რაც მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში არ მოხდებოდა, რადგან მისი თქმით, პუტინთან "მტკიცე ურთიერთგაგება" არსებობდა.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების შესახებ დასმულ კითხვაზე ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და მიანიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, თუმცა კვლავ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინის დახმარებისთვის უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა იგი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ტრამპმა უპასუხა, რომ "ამას შევხედავთ, ზელენსკის ვესაუბრებით, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე დაველაპარაკებით და ვნახავთ, როგორ წავა ყველაფერი. ერთი რამ, რაც მგონია - ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე ახლა იხდიან, რადგან ბაიდენის დროს... ჩვენ $200 მილიარდზე მეტით დავეხმარეთ, ეს მათზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩვენზე, ჩვენ შორის ოკეანეა, პატარა რამ, სახელად ოკეანე, ევროკავშირი უნდა გაგვითანაბრდეს, ჩვენ $200 მილიარდით მეტი გავგზავნეთ, ვიდრე ევროკავშირმა, სულელები ვართ? ვგონებ, კი, რადგან ისინი ალბათ ასე ფიქრობენ".

NATO-ზე საუბრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები თავდაცვის კუთხით საკმარისად მეტს არ ხარჯავენ და NATO-ს ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ.

"ვფიქრობ, მათი რიცხვი არა 2%-მდე, არამედ 5%-მდე უნდა გაზარდონ. NATO 5%-ზე უნდა იყოს, არა - 2%-ზე, 2% სასაცილოა". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ამას გარდა, ტრამპმა ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ "პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობა სურს, მან ეს ძალიან მტკიცედ მითხრა, მას მშვიდობა უნდა, მაგრამ ამისთვის ორი ადამიანია საჭირო. ვნახავთ, რა მოხდება".

კომენტარები