რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინაში ხარკოვის დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით ორი გენერალი და პოლკოვნიკი დააკავეს

არტურ ჰორბენკო

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ და უსაფრთხოების სამსახურმა 20 იანვარს ჩაატარეს ერთობლივი ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ორი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილები არიან დაუდევრობაში, რის შედეგადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2024 წლის მაისში ხარკოვის ოლქის ტერიტორიის ნაწილის დაკავება შეძლეს.

"ოპერაციული-ტაქტიკური ჯგუფი ხარკოვის, ტერიტორიული თავდაცვის 125-ე ცალკეული ბრიგადისა და 23-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის 415-ე ცალკეული მსროლელთა ბატალიონის ყოფილმა მეთაურებმა სამხედრო სამსახურის მიმართ დაუდევარი დამოუკიდებლობით რუსეთის ფედერაციის ჯარებს უფლება მისცეს, დაეპყროთ ხარკოვის ოლქის ლიპეცკის სოფლის ტერიტორიული თემის ტერიტორიის ნაწილი. 

ასევე, მეთაურების მოქმედებებმა გამოიწვია სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების დაკარგვა და მათ პასუხისმგებლობის არეალში სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების ჩაშლა." - ნათქვამი იყო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში. 

როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, დაკავებულები არიან ბრიგადის გენერალი იური ჰალუშკინი, გენერალ-ლეიტენანტი არტურ ჰორბენკო და პოლკოვნიკი ილია ლაპინი.

გამოძიების თანახმად, გენერალ-ლეიტენანტმა არტურ ჰორბენკომ, რომელიც 125-ე ცალკეულ ბრიგადას მეთაურობდა, სათანადოდ ვერ შეაფასა მტრის შესაძლებლობები ბრიგადის თავდაცვის ზონაში შეტევის განახლებისთვის და შეუსაბამოდ უპასუხა მოწინააღმდეგის საბრძოლო პოტენციალისა და საფრთხის ზრდას. კერძოდ, ბრალდების მიხედვით, მან არ უზრუნველყო საბრძოლო ფორპოსტების მოწყობა, არ მიიღო ზომები ბრიგადის დასაკომპლექტებლად, ბატალიონებს გადაჭარბებული მოთხოვნის დავალებებს ოპერაციულ-ტაქტიკური გათვლების გარეშე აძლევდა და არ გაუმაგრებია დასაცავი პუნქტები. 

ჰორბენკოს ასევე ბრალად ედება, რომ გააჩნდა ინფორმაცია მოწინააღმდეგის იერიშის მზადების შესახებ, რომელიც დაქვემდებარებულებს არ შეატყობინა და არ უზრუნველყო პოზიციებზე ბრიგადის პერსონალის სრული მობილიზება და მთლიანი შემადგენლობის შეკრება. ბრალდების მიხედვით, ბრძოლის დროს მან არ გაუწია სათანადო არტილერიის საცეცხლე მხარდაჭერა ქვედანაყოფებს, არ უზრუნველყო სარეზერვო ბრიგადების ეფექტური გამოყენება, არ უთანამშრომლია სხვა ქვედანაყოფებთან და არ ჰქონდა გაცნობიერებული ბრძოლის ველზე არსებული ვითარება.

ჰორბენკოს დაკავებას გამოეხმაურა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 125-ე ცალკეული ბრიგადა. ქვედანაყოფში მომხდართან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.

"ხარკოვის ოლქში ჩვენ გვეჭირა საზღვრის უზარმაზარი ნაწილი, სიკვდილამდე ვიბრძოდით შემოჭრის პირველ საათებში. ჩვენ ვიყავით ცოტა, გვქონდა მცირე რაოდენობის საბრძოლო მასალა, გვქონდა მცირე მხარდაჭერა, მაგრამ მაინც ვიბრძოდით, ვიბრძოდით ბრიგადის მეთაურის მეთაურობით!" - ნათქვამია 125-ე ბრიგადის განცხადებაში.

ამას გარდა, ბრიგადა აღშფოთებას გამოთქვამს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ბრალდებების საჯაროდ წაყენებასა და სამხედრო ოფიცრებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით.

"იმსახურებენ სამხედრო გენერლები და ჯარისკაცები ასეთ დამოკიდებულებას? სიახლეები ასე უნდა ჟღერდებოდეს, როცა სასამართლოს ბრალი ჯერ არ დაუდგენია? ცხადია, რომ არა." - ამბობენ 125-ე ბრიგადაში. 

გარდა ამისა, როგორც ბრიგადა განცხადებაში წერს, სჯერათ, რომ აქვთ შესაძლებლობა სასამართლოში მოყვნენ "რეალური სიმართლე ხარკოვის ოლქის მოვლენებზე".

კომენტარები