მზია ამაღლობელის საქმე

სააპელაციომ ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

ნეტგაზეთი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს რაბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმ მუხლის კვალიფიცირებას, რომლითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავება, თავად აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს.

დგებუაძის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად ლოყისა და ყურის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი.

"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სახალხო დაცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ ყელა მძიმე აღვკეთის ღონისძიება გამოიყენეს, რისი აუცილებლობაც რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით არ იყო.

იოსელიანი ამბობდა, რომ "უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია".

კომენტარები