სახალხო დაცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ ყელა მძიმე აღვკეთის ღონისძიება გამოიყენეს, რისი აუცილებლობაც რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით არ იყო.
იოსელიანი აცხადებს, რომ "უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია".
"მოვამზადეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და სასამართლოს მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი დაკვირვებით, უფრო სკულპუროზულად შეისწავლოს მტკიცებულებები, რომლებიც წარუდგინა პროკურატურამ, რომელიც ვთვლით, რომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პატიმრობა იქნა გამოყენებული მის მიმართ. შეთავაზებული იყო საკმაოდ მაღალი გირაო, შეთავაზებული იყო ამ ადამიანის პიროვნების გათვალისწინებით, რომ ქალია, რომ ყველა იცნობს, მისი მიმალვის საფრთხე და ასეთი არის, ჩვენი აზრით, ბევრად უფრო ნაკლები და შესაძლებელია, რომ ეს არ იყოს პატიმრობა.
[გადაწყვეტილება] დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას, ჩვენი აზრით. ამაზე მივმართეთ და ველოდებით განხილვას. საკმაოდ კარგად არის დასაბუთებული ჩვენი დოკუმენტი და [იმედი მაქვს, რომ] ყურადღებით წაიკითხავს სასამართლო... არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩავერიო სასამართლოს ფუნქციაში და მივუთითოთ, მაგრამ როგორც სახალხო დამცველი ვთვლი, რომ უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია, პიროვნების გათვალისწინებით, დანაშაულის გათვალისწინებით... ამ დანაშაულზეც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე არც დარტყმას, არც გარტყმას, არაფერს, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი, რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ის ადამიანი აღელვებული, ამ ყველაფრის გადაწყვეტილებით არ არის აუცილებლობა, რომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული." - ამბობს იოსელიანი.
იგი პალიტრანიუსის ეთერში ასევე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძემ შეაფურთხა და სცადა, ფიზიკურად გასწორებოდა.
"ამაზე გვქონდა უკვე რეაგირება. მივწერეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოვთხოვეთ, რომ შეისწავლოს დაკავების ეს ეპიზოდი, იმიტომ რომ ასეთ რამეს თუ მართლა ჰქონდა ადგილი, ეს სრულიად წარმოუდგენელია და არის ყველაზე საზღვარს მიღმა." - განაცხადა სახალხო დამცველმა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.