გამოცემა Axios-ის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ ვენესუელაში რეჟიმი შეიცვალოს.
Axios ტრამპის გუნდის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის გუნდს სურს, მადურომ ასადის ბედის გაიზიაროს, თუმცა, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის გუნდი აღნიშნავს, რომ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად სამხედრო მოქმედებას არ გულისხმობს.
"ერთი წამითაც არ შეგვაწუხებდა, რომ მადურო მოსკოვში ასადის მეზობელი იყოს". - თქვა გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა ტრამპის მრჩეველმა.
გამოცემის თანახმად, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩევლემა თქვა, რომ ვენესუელაში ვითარება "მდგრადი" არ არის და მადურო "პირდაპირი მნიშნველობით ქვეყანას ანგრევს". მრჩეველმა ხაზი გაუსვა "დევნილების მასობრივ პრობლემებს, აშშ-ში კრიმინალების გაგზავნას" და იმას, რომ "ნავთობის წარმოება შემცირებულია და იქ ჩინელები, რუსები და კუბელები არიან".
Axios აღნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მადუროს რეჟიმის გამო ვენესუელა დაახლოებით 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
აქამდე, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ვენესუელა არა სახელმწიფო, არამედ ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციაა.
"ვენესუელა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ არ იმართება. ის მართულია ნარკოტრეფიკინგის ორგანიზაციის მიერ, რომელმაც საკუთარ თავს ეროვნულ სახელმწიფოდ ყოფნის უფლებამოსილება მიანიჭა". - თქვა რუბიომ.
Axios ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა მადურო აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფებების მიზანმიმართულად გაგზავნაში დაადანაშაულა.
9 იანვარს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს დაკავების შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლებს" მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.
ცნობისთვის, ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ნიკოლას მადუროს მთავრობის ყველა ანგარიში გაიყინა და ამერიკელებს მათთან ბიზნესკავშირები სრულად აეკრძალათ.





