არჩევნები 2024

IRI-მ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

REUTERS/Irakli Gedenidze

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

IRI-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ორგანიზაციის პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი, აშშ-ს ყოფილი კონგრესმენ ჯონ შიმკუსი და შვედი პარლამენტარი მარგარეტა სედერფელტი ხელმძღვანელობდნენ. ანგარიში 48 პირისგან შემდგარი მისიის რეკომენდაციებსა და მიგნებებს წარმოადგენს.

"IRI-ს მისიამ დაადგინა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი იმ საკანონმდებლო ჩარჩოებისა და სარეგულაციო მიდგომების გამო, რამაც შეზღუდა გულწრფელი საარჩევნო კონკურენცია, ასევე მთავრობის მიერ საჯარო რესურსების არასწორად გამოყენების, სამოქალაქო საზოგადოების მიზნად ამოღების, ოპოზიციური პარტიების შეზღუდვის, ამომრჩეველთა სისტემური დაშინებისა და ინსტიტუტების მიმართ საჯარო ნდობისა და დამაჯერებლობის ნაკლოვანების გამო". - წერს IRI.

ხოლო IRI-ის პრეზიდენტის, დენიელ ტვაინინგის თქმით, "საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არ იყო დამაჯერებელი მოქალაქეების თვალში და წარმოადგენს სამწუხარო თავს თავისუფლებისა და დემოკრატიული პასუხისმგებლობისთვის ქვეყნის ბრძოლაში".

IRI-ის მისიამ დაადგინა, რომ საქართველოს საარჩევნო პროცესზე ნეგატიური გავლენა მრავალმა ფაქტორმა მოახდინა, რამაც სერიოზული ეჭვი გააჩინა არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, IRI-ის მიხედვით, საარჩევნო პროცესის დროს დაკვირვება მოხდა მნიშვნელოვან და სისტემურ დარღვევებზე, რამაც ხაზი გაუსვა ოთხ მთავარ პრობლემურ საკითხს: "1. უსამართლო პირობები და სახელმწიფო რესურსების არასწორ გამოყენებას; 2. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას, ასევე ამომრჩევლების სისტემურ დაშინებას; 3. საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცებასა და 4. არჩევნების შედეგების საჯარო უარყოფას".

"საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო, და მთავრობის ბიუროკრატია, მუშაობდა, როგორც მმართველი პარტიის ხელი, იმის მაგივრად, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. იმის გაანალიზებით, რასაც IRI-ის მისია დააკვირდა და რაც არჩევნების შემდგომ მოხდა, მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია, აღადგინოს ქართველი ხალხის ნდობა მათი მთავრობის ლეგიტიმურობის მიმართ". - განაცხადა ტვაინინგმა.

კომენტარები