აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ცივი ამინდის გამო კაპიტოლიუმის, აშშ-ს კონგრესის შენობის, როტონდაში ჩატარდება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის თქმით, ბრძანება გასცა, რომ საინაუგურაციო მიმართვა და სხვა სიტყვები წარმოითქვას და ლოცვები ჩატარდეს კაპიტოლიუმის შიგნით. ტრამპმა აღნიშნა, რომ 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის ღონისძიება ასევე სიცივის გამო მსგავსადვე კაპიტოლიუმის როტონდაში ჩატარდა.
"ვაშინგტონისთვის ამინდის პროგნოზით, ქარის ზემოქმედებისგან ორგანიზმის გაცივების ფაქტორთან ერთად, ტემპერატურა შეიძლება სერიოზულად რეკორდულად დაბალ მაჩვენბლებამდე დავიდეს. ქვეყანა არქტიკულმა ჰაერის მასებმა მოიცვა. არ მინდა, რომ ხალხი რაიმენაირად დაშავებული ან დაზიანებული ვიხილო. სახიფათო მდგომარეობაა ათი ათასობით სამართალდამცავისთვის, სწრაფი რეაგირების ჯგუფებისთვის, პოლიციის ძაღლებისთვისა და ცხენებისთვისაც კი და ასი ათასობით მხარდაჭერისთვის, რომლებიც 20 იანვარს გარეთ მრავალი საათის განმავლობაში იდგებიან (ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მოსვლას გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით!). შესაბამისად, გავეცი ბრძანება, რომ ინაუგურაციის მიმართვა, ლოცვებთან და სხვა სიტყვებთან ერთად, აშშ-ს კაპიტოლიუმის როტონდაში წარმოითქვას, როგორც ის რონალდ რეიგანმა 1985 წელს ასევე გამოიყენა, ასევე ძალიან ცივი ამინდის გამო". - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმში სხვადასხვა წარმომადგენლებსა და სტუმრები იქნებიან. მისივე თქმით, ღონისძიება ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული.
"კაპიტოლიუმში სხვადასხვა წარმომადგენლები და სტუმრები იქნებიან. ეს ყველასთვის ძალიან მშვენიერი გამოცდილება იქნება და განსაკუთრებით დიდი სატელევიზიო აუდიტორიისთვის! ამ ისტორიული მოვლენის პირდაპირ ეთერში სანახავად და საპრეზიდენტო პარადის ჩასატარებლად Capital One Arena-ს გავხსნით. ჩემი ფიცის დადების შემდეგ Capital One-ში ხალხს შევუერთდები". - წერს ტრამპი.
ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება.
დონალდ ტრამპმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წლის ნოემბერში გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, კამალა ჰარისმა კი 226. არჩევნებში გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.