აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვლადიმირ პუტინი ვაშინგტონში, მომავალ თვეში დაგეგმილ ინაუგურაციაზე, არ მიუწვევია, აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.
"არა, არ მიუწვევია". - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრადიციულად, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხო ქვეყნის ლიდერები არ ესწრებიან. ღონისძიებაზე ძირითადად ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
მანამდე, CBS News-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა 20 იანვარს მის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მიიწვია, თუმცა ამავე წყაროს ცნობით, სი ძინფინგი ინაუგურაციას არ დაესწრება.
სი ძინფინგის გარდა, ტრამპის გუნდმა ინაუგურაციაზე სხვა ქვეყნების ლიდერების, მათ შორის, უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის, მიწვევის საკითხიც წამოწიეს, თუმცა, ორბანის გეგმებში გარკვეული წყაროების ცნობით, იგი "ჯერ კიდევ განიხილავს" დასწრებას.
Washington Post-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ გამოცემას საკითხში გარკვეულმა რამდენიმე პირმა განუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, გამოცემის მიერ გავრცელებული ეს ცნობა კრემლმა უარყო.
ვლადიმირ პუტინმა საგარეო ვიზიტები მნიშვნელოვნად შეზღუდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. ორდერი უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის ფაქტს ეხება.