ჩინეთის ვიცეპრეზიდენტი ხან ჭენგი 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
ჩინეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, პეკინი მზად არის, გააძლიეროს დიალოგი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ვიცეპრეზიდენტი ღონისძიებას ამერიკული მხარის მოწვევით დაესწრება, იტყობინება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია CCTV.
"ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ დიალოგი და კომუნიკაცია აშშ-ს ახალ მთავრობასთან, სწორად მოვაგვაროთ განსხვავებები, გავაფართოვოთ სარგებლიანი თანამშრომლობა და ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურ, ჯანმრთელ და მდგრად განვითარებას". - ნათქვამია CCTV-ის განცხადებაში.
"ჩინეთი აშშ-სთან ურთიერთობებში ყოველთვის ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად მოქმედებდა". - აცხადებს ჩინური ტელევიზია.
CCTV-ს განცხადებით, ჩინეთი მზად არის "იპოვოს სწორი გზა, თუ როგორ უნდა განავითაროს ჩინეთმა და აშშ-მ ურთიერთობები ახალ ეპოქაში."
12 დეკემებერს CBS News-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს ინაუგურაციაზე დასწრების მოწვევა ნოემბერში, არჩევნებიდან მალევე, გაუგზავნა.
ტრამპმა საკუთარი მომავალი ადმინისტრაციის მნიშვნელოვან თანამდებობებზე ისეთი პირები დაასახელა, რომლებიც ჩინეთის მკაფიო კრიტიკოსები არიან, მათ შორის, სენატორი მარკო რუბიო, რომელიც ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა და მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი.
ტრამპს ასევე ნათქვამი აქვს, რომ იგი დამატებით 10%-იან ტარიფს დააწესებს ჩინურ პროდუქციაზე, თუკი ჩინეთი მეტ ძალისხმევას არ ჩადებს აშშ-ში ფენტანილის კონტრაბანდის აღკვეთის მხრივ.