14 იანვარს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, პიტ ჰეგსეთის თანამდებობაზე დამტკიცებასთან დაკავშირებით კონგრესში მოსმენა გაიმართა.
ჰეგსეთი შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარსდგა და სენატორების მიერ დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი.
მოსმენის დროს, დამოუკიდებელმა სენატორმა ანგუს კინგმა ჰეგსეთი შესავალი სიტყვის წარმოთქმისას რუსეთ-უკრაინის ომის არ ხსენების გამო გააკრიტიკა. პრიორიტეტებზე საუბრისას ჰეგსეთმა განაცხადა, რომ იგი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას აპირებს, რათა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კომუნისტი ჩინელებისგან აგრესია აღიკვეთოს.
სენატორმა კინგმა ჰეგსეთს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ უკრაინას მიატოვებს, რაზეც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა უპასუხა, რომ "ეს საპრეზიდენტო დონის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მან ძალიან გარკვევით თქვა, რომ ამ კონფლიქტის დასრულება სურს. ჩვენ ვიცით, ვინ არის აგრესორი. ვიცით, ვინ არის კარგი ტიპი. გვინდა, რომ უკრაინელებისთვის, რაც შეიძლება, სარფიანი იყოს, მაგრამ ეს ომი უნდა დამთავრდეს".
გამოცემა Reuters-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ჰეგსეთის კანდიდატურას კენჭი 20 იანვარსვე უყაროს, რის შემდეგაც მის დამტკიცებას სრული სენატის შემადგენლობა განიხილავს.
ბოლო კვირებში ტრამპის მოკავშირეები ჰეგსეთის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ, თუმცა სენატში რესპუბლიკელების მყიფე უმრავლესობა ნიშნავს, რომ მას 3-ზე მეტი რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერის დაკარგვა არ შეუძლია, თუკი დემოკრატები და დამოუკიდებელი სენატორები მისი კანდიდატურის წინააღმდეგ გაერთიანდებიან.
ჰეგსეთი Fox News-ის ყოფილი წამყვანი და არმიის ვეტერანია. იგი დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 13 ნოემბერს დაასახელა.
"პიტი არის ძლიერი, ჭკვიანი და პრინციპის – "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ჭეშმარიტი მიმდევარი. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულნი არიან, რომ ჩვენი სამხედრო ძალები კვლავ იქნება დიდებული და ამერიკა არასდროს დაიხევს უკან. მასზე მეტად არავინ იბრძვის სამხედროებისთვის და ის იქნება გამბედავი და პატრიოტი ჩვენი პრინციპისა – "მშვიდობა ძალის მეშვეობით". - თქვა ტრამპმა.
2012 წელს ჰეგსეთი მინესოტას შტატში სენატის წევრობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია საბოლოოდ კურტ ბილსმა მოიპოვა.
ამასთან, ჰეგსეთს სამხედრო სამსახურის ფარგლებში მონაწილეობდა, ავღანეთისა და ერაყის მისიებში. შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ორ ჯგუფს, რომელიც ვეტერანი სამხედროების უფლებებს იცავდა.
2017 წელს ჰეგსეთი მეორე ცოლს გაშორდა, რის მიზეზადაც სახელდება ურთიერთობა Fox News-ის აღმასრულებელ პროდიუსერთან, ჯენიფერ როშეტთან, რომელთანაც მას შვილი ეყოლა.
ჰეგსეთს წარსულში ერთ-ერთი ქალი ასევე ბრალს სდებდა სექსუალურ ძალადობაშიც, თუმცა ამ ბრალდებაში იგი არ დაუდანაშაულებიათ. ჰეგსეთი უარყოფს ნებისმიერი სახის დანაშაულს და ამბობს, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით ორმხრივი თანხმობა არსებობდა.
სხვადასხვა დროს ჰეგსეთი ასევე აკრიტიკებდა თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასაც. წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ ქალები საბრძოლო როლებში არ უნდა იყვნენ და ჯარს სტანდარტების ზღვრის დაწევაში სდებს ბრალს, რათა აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვა ქალებმაც შეძლონ. იგი ასევე აკრიტიკებდა ე.წ. "Woke" ელემენტებს ჯარში და არმიის მრავალფეროვნების პროგრამებს.