ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, NBC News-ის ჟურნალისტთან, ლესტერ ჰოლტთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ირანის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს და არც მომავალში დაგეგმავს"
"ეს კიდევ ერთია იმ სქემათაგან, რომელსაც ისრაელი და სხვა ქვეყნები ირანოფობიის გასაძლიერებლად ქმნიან. ირანს არასდროს უცდია და არც გეგმავს ვინმეს სიცოცხლის ხელყოფას. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი" - ირწმუნება ირანის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა ირანს დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ტრამპის წინააღმდეგ ასეთი მცდელობა არც მომავალში იქნება, ფეზეშქიანმა განაცხადა: "ჩვენ არასდროს დაგვიწყია მსგავსი რამ და არც დავიწყებთ."
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოქტომბერში ირანმა აშშ-ს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბაიდენის ადმინისტრაციას არწმუნებს, რომ დონალდ ტრამპის მკვლელობას არ ცდილობს, იუწყება გამოცემა The Wall Street Journal.
2024 წლის ნოემბერში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ერთ პირს ბრალი წარუდგინა ირანის დავალებით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნოდ მკვლელობის წარუმატებელი სქემაში მონაწილეობის გამო.
ამავე ბრალდებულსა და სხვა ორ პირს აშშ-ს სხვა მოქალაქეზე, ირანული წარმოშობის ჟურნალისტსა და აქტივისტზე, მასიჰ ალინეჟადზე თვალთვალი და მისი მკვლელობის დაგეგმვა ედებათ ბრალად.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ირანელმა მაღალჩინოსნებმა თეირანში მცხოვრებ 51 წლის ავღანეთის მოქალაქეს, ფარჰად შაქერის სექტემბერში დაავალეს, რომ ტრამპისთვის ეთვალთვალა და მოეკლა.