სირია

კალასის თქმით, იანვრის ბოლოს ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნაზე იმსჯელებს

კაია კალასი
Andrey Rudakov/Bloomberg

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სირიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე დასავლელ და ახლო აღმოსავლელ დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება, სადაც ისინი სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნას განიხილავენ.

კალასის თქმით, საგარეო მინისტრები ბრიუსელში 27 იანვარს შეიკრიბებიან, რათა გადაწყვიტონ ევროკავშირის მხრიდან სირიაზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება. ამასთანავე, მან დაამატა, რომ სანქციების შემსუბუქებაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მმართველობის კუთხით სირიის ახალი ადმინისტრაციის მიდგომაზე, რომელშიც აუცილებლად უნდა იყვნენ "სხვადასხვა ჯგუფები", ქალები და ასევე არ უნდა იყოს "რადიკალიზაცია".

"თუკი დავინახავთ, რომ სიტუაცია სწორი მიმართულებით ვითარდება, ჩვენ მზად ვართ მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად. თუკი დავინახავთ, რომ ვითარება სწორი მიმართულებით არ მიდის, ჩვენ ამაზე ნაბიჯების უკან გადადგმაც შეგვიძლია". - თქვა კალასმა.

გერმანიაში, რომელიც სანქციებზე დისკუსიაში ჩართული მოწინავე მხარეა, 12 იანვარს გამოვიდნენ წინადადებით, რომ სირიის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდეს, მაგრამ შენარჩუნდეს სანქციები ასადის იმ მოკავშირეებზე, რომლებმაც "სერიოზული დანაშაულები ჩაიდინეს" სირიის სამოქალაქო ომის განმავლობაში.

"სირიელებს ახლა სწრაფი დივიდენდი სჭირდებათ ძალაუფლების გადაბარებისგან, და ჩვენ განვაგრძობთ სირიაში დახმარებას იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც არაფერი აქვთ, როგორც ამას სამოქალაქო ომის ყველა წელს ვაკეთებდით". - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

კომენტარები