ChatGPT-ის შემქმნელის, სემ ალტმანის დამ, ენ ალტმანმა, მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ მისი ძმა 1997 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში მასზე რეგულარულად სექსუალურად ძალადობდა.
სარჩელში, რომელიც 6 იანვარს აშშ-ს მისურის შტატის აღმოსავლეთ ოლქის საოლქო სასამართლოში შეიტანეს, ალტმანის და ამტკიცებს, რომ ძალადობა მაშინ დაიწყო, როდესაც იგი 3 წლის იყო, ხოლო მისი ძმა - 12-ის.
ენ ალტმანის თქმით, მისი ძმა წლების მანძილზე ჩადიოდა მასზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს, მათ შორის "გაუპატიურებას, სექსუალურ ძალადობას, გახრწნის მცდელობასა და ცემას". - წერია BBC-ის მიერ მოპოვებულ სასამართლო დოკუმენტებში.
თავის მხრივ, სემ ალტმანი, რომელიც OpenAI-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორია, საკუთარ დედასა და ორ ძმასთან ერთად დაწერილ ერთობლივ წერილში დის ბრალდებებს უარყოფს.
"ყველა ეს ბრალდება სრულად მცდარია. ეს სიტუაცია უზომო ტკივილს აყენებს მთელ ჩვენს ოჯახს". - წერია სემ ალტმანის, მისი დედისა და ორი ძმის ერთობლივ განცხადებაში. "ძალზე რთულია იმ ოჯახის წევრზე ზრუნვა, რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის მხრივ გამოწვევები აქვს". - ამატებენ ისინი.
სემ ალტმანი წერს, რომ იგი საკუთარ დას ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას უწევს, გადასახადებსა და ქირას უხდის, და მას სახლის ყიდვაც შესთავაზა, მაგრამ ამბობს, რომ მისი და "ჩვენგან მეტი ფულის მოთხოვნას განაგრძობს".
დას მსგავსი ბრალდებები მისი ძმის წინააღმდეგ წარსულში X-ზეც აქვს გაკეთებული, ხოლო ოჯახის წევრების თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები დას სხვა პირების წინააღმდეგაც აქვს გაკეთებული.
"მისმა ბრალდებებმა დროთა განმავლობაში ძირეული ევოლუცია განიცადა. ამ სარჩელისთვის ახლად, ისინი ახლა მოიცავს ბრალდებებს იმ შემთხვევებზე, როდესაც სემი 18 წელზე მეტი ასაკის იყო". - წერენ ოჯახის წევრები.