OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი მილიარდერ ილონ მასკის შეთავაზებას ეხმაურება კომპანიის ყიდვასთან დაკავშირებით და მას "სისულელეს" უწოდებს. ამის შესახებ ალტმანმა პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"არაფერი მაქვს სათქმელი. ეს სისულელეა. კომპანია არ იყიდება. მისი ერთ-ერთი ტაქტიკაა, რომ ხელი შეგვიშალოს" – ამბობს ალტმანი.
SpaceX-ის, Tesla-სა და Starlink-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თანაინვესტორთა ჯგუფთან ერთად თითქმის $100-მილიარდიანი წინადადება წარადგინა არაკომერციული კომპანიის შესასყიდად, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კვლევის ორგანიზაცია OpenAI-ს აკონტროლებს.
CNN-თან საუბრისას ალტმანმა თქვა, რომ მასკის ეს ქმედება მისი "კომპლექსებიდან" გამომდინარეობს, რის გამოც მას თანაუგრძნობს.
"მისი მთელი ცხოვრება კომპლექსებიდან გამომდინარეობს და მე მას თანავუგრძნობ. არ მგონია, რომ ის ბედნიერია" – თქვა ალტმანმა.
მასკის ადვოკატის, მარკ ტობეროფის თქმით, მასკმა შესყიდვის წინადადება 10 თებერვალს წარადგინა. ამჟამად სემ ალტმანი OpenAI-ის კომერციულ კომპანიად გარდაქმნის პროცესშია, რა მხრივაც ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება არაკომერციული კომპანიის სამართლიანი ღირებულების დადგენაა.
მასკი, რომელიც OpenAI-ს თანადამფუძნებელია და კომპანიაში ათეულობით მილიონობით ინვესტიცია ჩადო, თუმცა 2018 წელს საბჭო დატოვა, აცხადებს, რომ კომპანიის კომერციულად გარდაქმნა თავდაპირველი მისიის ღალატია.
ამ ნაბიჯისთვის მასკს ალტმანისა და OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს, ხოლო ახლა იგი $97.4-მილიარდიანი წინადადებით გამოდის იმ აქციების საყიდლად, რომელიც არაკომერციული კომპანიის მფლობელობაშია და OpenAI-ს შვილობილი კომერციული კომპანიის საკონტროლო წილსაც მოიცავს.
Wall Street Journal-ის მხრიდან მასკისა და ინვესტორების ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, სემ ალტმანმა X-ზე დაწერა, რომ იგი თითქმის $100-მილიარდიან შემოთავაზებაზე თანახმა არაა:
"არა, მადლობა, თუმცა ჩვენ ვიყიდით Twitter-ს $9.74 მილიარდად, თუ გსურთ". - დაწერა მან.
Financial Times-ის ცნობით, OpenAI-სთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ მასკის წინადადება "სარეკლამო ხრიკი" იყო და არ შეესაბამებოდა კომპანიისთვის ხელშესახებ წინადადებას.
ტულეინის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, ენ ლიპტონის თქმით, "OpenAI ვალდებული არ არის, გაყიდვაზე დათანხმდეს. არაკომერციული აკონტროლებს [OpenAI-ს] და სანამ სტრუქტურა შეიცვლება, როგორც არაკომერციულ [კომპანიას], ვალდებულება აქვს, რომ საკუთარ მისიას მისდიოს".