აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა ხელნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობების ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რაც ოდესმე ამოუღიათ, მას შემდეგ, რაც მათ დეკემბერში ვირჯინიელი მამაკაცი ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს.
ფედერალური პროკურორების მიერ წარდგენილი სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გამომძიებლებმა 150-ზე მეტი მილისებრი ასაფეთქებელი მოწყობილობა და სხვა ტიპის ხელნაკეთი მოწყობილობები ამოიღეს, როდესაც დეკემბერში ბრედ სპაფორდის სახლი გაჩხრიკეს. პროკურორების თქმით, მიიჩნევა, რომ ეს "ყველაზე დიდი ოდენობის გამზადებული ფეთქებადი მოწყობილობების ამოღებაა FBI-ის ისტორიაში".
36 წლის სპაფორდს ცეცხლსასროლი იარაღის ეროვნული აქტის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა ედება ბრალად. სამართალდამცავების ვარაუდით, იგი დაურეგისტრირებელ მოკლელულიან შაშხანას ფლობდა. პროკურორების თქმით, ახლა იგი მრავალი დამატებითი პოტენციური ბრალდების წინაშეა, რომელიც ფეთქებად მოწყობილობებთან არის კავშირში.
თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატების თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა საკმარისი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ძალადობას გეგმავდა. მათ ასევე დაამატეს, რომ სპაფორდი წარსულში ნასამართლევი არ არის.
სპაფორდთან დაკავშირებით გამოძიება 2023 წელს დაიწყო, როდესაც სააგენტოს აცნობეს, რომ იგი იარაღისა და ტყვია-წამლის მომარაგების პროცესში იყო. მაცნეს ინფორმაციით, სპაფორდმა 2021 წელს ხელი დაიზიანა, როდესაც ხელნაკეთ ფეთქებად მოწყობილობებზე მუშაობდა. სამართალდამცავებს ასევე აცნობეს, რომ იგი პრეზიდენტის სურათებს სამიზნედ იყენებდა და სჯეროდა, რომ "პოლიტიკური მკვლელობები დასაბრუნებელია".
სამართალდამცავმა ორგანოებმა სპაფორდის კარ-მიდამო 17 დეკემბერს გაჩხრიკეს, საიდანაც აგენტებმა იარაღი და ფეთქებადი მოწყობილობები ამოიღეს. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ზოგიერთი მოწყობილობა ჩასაცმელ ჟილეტში იყო მოთავსებული.
1-ელ იანვარს სასამართლო სხდომაზე მაგისტრატმა მოსამართლემ ლოურენს ლეონარდმა განსაზღვრა, რომ სპაფორდის შინაპატიმრობით გათავისუფლება შეიძლება მისი დედის სახლში, თუმცა გადაწყვიტა, რომ იგი პატიმრობაში დატოვოს მანამ, სანამ პროკურორები მის წინააღმდეგ დამატებით არგუმენტებს წარადგენენ.





