ბოლნისი

POG: ბოლნისში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა/POG

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგადაც 2 არასრულწლოვანი დაიღუპა, დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.

"დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.

ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.

შეკრებილი პირები, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.

დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ნაწილი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში". - ნათქვამია განცხადებაში.

მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა ორი მოზარდი - მე-11 კლასელი სინან შარიფოვი და მე-9 კლასელი ელჩინ ბინათოვი. შემთხვევას დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

კომენტარები