მიხეილ ყაველაშვილის ყოფილმა მწვრთნელმა, რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გაზაევმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ში 29 დეკემბერს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ივანიშვილის არჩეულ პრეზიდენტს აქებს.
გაზაევი 1994-1999 წლებში საფეხბურთო კლუბი სპარტაკი-ალანიას მწვრთნელი იყო. ყაველაშვილი ვლადიკავკაზის ალანიაში 1994-1995 წლებში თამაშობდა.
გაზაევის თქმით, როდესაც ყაველაშვილი ალანიაში გამოჩნდა, ის ნიჭიერი ფეხბურთელი და "საურთიერთობოდ ძალიან სასიამოვნო ადამიანი" იყო. მისივე თქმით, "პირველივე წვრთნიდან ჩანდა, რომ ის დიდ მიზნებსა და ამოცანებს ისახავდა". გაზაევი ამბობს, რომ ყაველაშვილი მისი გუნდის "მნიშვნელოვანი ნაწილი" იყო.
გაზაევის თქმით, ყაველაშვილი გუნდურობას იჩენდა და მიაჩნია, რომ ამას ის პოლიტიკაშიც შეძლებს.
"კოლექტივში მიხეილი პატივისცემით სარგებლობდა, მასთან ურთიერთობა კარგი იყო ყველა ფეხბურთელის მხრიდან. ყველა ხედავდა, რომ ფეხბურთს უსაზღვროდ მიუძღვნა თავი, მის მიმართ პრეტენზიები არასდროს ყოფილა. ყაველაშვილმა თავი გამოიჩინა გუნდის ადამიანად, ეხმარებოდა ყველას. დარწმუნებული ვარ, რომ ამის დემონსტრირებას ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც შეძლებს." - დაწერა გაზაევმა.
გაზაევის თქმით, ყაველაშვილი ტოვებდა კარგი ლიდერის შთაბეჭდილებას და ფიქრობს, რომ მისი "არჩეულ პრეზიდენტად" ხილვა შემთხვევითი არაა.
"ძალიან ვწუხდი, რომ ის მანჩესტერ სიტიში წავიდა, მაგრამ ჩვენ ვერაფერს შევძლებდით, რადგან ის ჩვენთან იჯარით იყო. რომ არა, მეორე წელსაც ჩვენთან დარჩებოდა. თუმცა მან ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა საკუთარ თავზე, როგორც სპორტსმენზე, როგორც ადამიანზე, როგორც ლიდერზე. შემთხვევითი არაა, რომ მას არჩეულ პრეზიდენტად ვხედავთ. ვთვლი, რომ ესაა ქვეყნისა და ხალხის დიდი ნდობა, რომელსაც, ეჭვი არ მეპარება, გაამართლებს.
გავიმეორებ, მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ყაველაშვილი ყოველთვის იყო პასუხისმგებლიანი. ამასთან ერთად არის, ასე ვთქვათ, მსოფლიოს ადამიანი: თბილისი, ვლადიკავკაზი, ინგლისი, შვეიცარია და ა.შ. მან არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი." - წერს გაზაევი ყაველაშვილზე.
გაზაევის მტკიცებით, წარმატებული სპორტსმენები პოლიტიკაშიც წარმატებულები არიან და ყაველაშვილის შემთხვევაშიც ასე იქნება.
"ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს. თუ ადამიანი დიდ წარმატებებს აღწევს სპორტში, ეს სხვა სფეროებზეც გადავა. უდავოდ, გამარჯვებულის სულს გავლენა ექნება საქართველოს ახალი პრეზიდენტის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე. სპორტსმენები, რომლებიც დიდ წარმატებებს აღწევენ, პოლიტიკაში წარმატებულები არიან. ნიჭისა და ხასიათის მეშვეობით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ წარმატებებს მიაღწევს." - წერს ყაველაშვილის ყოფილი მწვრთნელი.
გაზაევის თქმით, მან ყაველაშვილთან "თბილი ურთიერთობა" შეინარჩუნა და როცა საქართველოში იყო ჩამოსული მას შეხვდა კიდეც.
"შემიძლია ვთქვა, რომ კეთილი და თბილი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. როცა საქართველოში ვიყავი, შევხვდი, სასიამოვნო იყო კომუნიკაცია." - წერს გაზაევი.
წერილის ბოლოს გაზაევმა ყაველაშვილთან ერთად თბილისის მერი, კახა კალაძეც შეაქო და თქვა, რომ მსგავსი ადამიანები საკუთარ ქვეყანას "სარგებელს მოუტანენ".
"დარწმუნებული ვარ, სპორტი უყურადღებოდ არ დარჩება. ყოფილი ფეხბურთელი კახაბერ კალაძე, რომელმაც შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა გაიარა, მთავრობაშია და არის თბილისის მერი, ასევე უყოფს დროს ამ სფეროს. მთლიანობაში, ასეთ ადამიანებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სპორტში, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე საერთაშორისო არენაზე სახელითა და ხასიათით, როგორიცაა ყაველაშვილი უნდა ენდონ, მათ მოჰქონდათ და მოუტანენ სარგებელს საკუთარ ხალხსა და საკუთარ ქვეყანას." - დაწერა გაზაევმა.
გაზაევის წერილი ინაუგურაციის პროცესამდე გამოქვეყნდა.