სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

29 დეკემბერს სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რომლის ბორტზეც 181 ადამიანი იმყოფებოდა, უკანასკნელი მონაცემებით, სულ მცირე 174 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა.

Boeing 737-800 თვითმფრინავი, რომელსაც 175 მგზავრი და ექვსი ეკიპაჟის წევრი გადაყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენი ეკიპაჟის წევრები დაკარგულებად და, სავარაუდოდ, გარდაცვლილებად ითვლებიან.

Yonhap-ის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი შესაძლოა ჩიტთან შეჯახება ყოფილიყო.

სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, აეროპორტმა თვითმფრინავი ჩიტთან შეჯახების სავარაუდო საფრთხის შესახებ ავარიამდე გააფრთხილა და პილოტს სხვა ტერიტორიაზე დაშვების ნებართვა მისცა.

News1-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა ნათესავს შეტყობინება გაუგზავნა, რომ თვითმფრინავის ფრთაში ჩიტი იყო გაჭედილი. "უნდა წარმოვთქვა ჩემი ბოლო სიტყვები?" - მიწერა მგზავრმა ბოლო შეტყობინებაში ნათესავს. 

 

კომენტარები