განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ აქციების დარბევაში ისეთი ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები არ არიან.
ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მელაძე შაიშმელაშვილს ეკითხება დარბევისას გამოჩენილი სისასტიკის შესახებ და "კაცებზე შავებში".
"არ მახსენდება ასეთი სისასტიკე რომელიმე ხელისუფლების დროს ან რომელიმე აქციაზე, მოდით, თავდაპირველად მივყვეთ და კარგად მოვუყვეთ მაყურებელს, პირველ რიგში, ვის ვხედავთ ჩვენ აი, იმ აქციაზე როდესაც ვდგავართ, ვინ არიან კაცები შავებში? ვინ არიან ის მორბენალთა რაზმები? ვინ არიან ის ჯალათები, რომლებიც ამ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენენ? ეს ყველა ერთი და იგივე ადამიანია, თუ რაღაც გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელსაც ეს ყველაფერი ჩაბარებული აქვს?" - კითხულობს მელაძე.
შაიშმელაშვილი განმარტავს, რომ აქციების დროს გდდ-ს ორი ტიპის დანაყოფები არიან წარმოდგენილნი: "ე.წ. რობოკოპები" და "დაკავების ჯგუფები". მისივე თქმით, არიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც გდდ-ში "ნამდვილად" არ მუშაობენ.
"დეპარტამენტში ძირითადად მანდ აქციების დროს ორი კატეგორიის დანაყოფები არიან წარმოდგენილნი: ე.წ. რობოკოპები და დაკავების ჯგუფები. რობოკოპები ძირითადად მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმენდს წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებით, ეს მეორე ადამიანები არიან დაკავების ჯგუფები. თუმცა, კადრებში მეც ვნახე, არიან აგრეთვე, ასე ვთქვათ, ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან". - თქვა შაიშმელაშვილმა.
მელაძის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ადამიანების საწამებლად და დანაშაულების ჩასადენად გდდ-ს თანამშრომლებთან სრულად სხვა პირები იყვნენ შერეულები, შაიშმელაშვილი პასუხობს, რომ "გულწრფელად" არ იცნობს ვინ არიან ეს ადამიანები და სახეზეც ვერ ცნობს. მისივე თქმით, დეპარტამენტს მსგავსი მომზადება არ გაუვლია.
"მე გულწრფელად არ ვიცი, ეს ადამიანები ვინ არიან, არ ვიცი, ასეთი დეპარტამენტი არასდროს არ ყოფილა, დეპარტამენტს სწავლებები, რაც ჩატარებია და რაც გაგვივლია, მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, ანუ, არ ვიცი, გულწრფელად არ ვიცი, ვინ არიან, ანუ სახეზეც არ ვიცი, ოღონდ მართლა გეუბნებით... ერთი, რაც ვიცი არის ის, რომ ეს არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას - სიტყვა გეუბნება, აღადგინონ და არა - უარესი შედეგი მიიღონ საზოგადოებისგან". - თქვა შაიშმელაშვილმა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი საზოგადოებას განუმარტავს, რომ გდდ-სთვის ქუჩაში დევნა თვითმიზანს არ უნდა წარმოადგენდეს და მისთვის ახლანდელი ქმედებები სრულად გაუგებარია. შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზანი არის მომიტინგეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.
"მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ზოგადად როგორ ვასრულებთ და სწორად როგორ არის და როგორ სრულდება - ქუჩაში დევნა თვითმიზანი არ არის, ჩემთვის, ხომ გეუბნებით, წარმოუდგენელია, რატომ, რა მიზნით, თუ არა, დავუშვათ, რაღაც მიზანმიმართული, ამ აქციის მონაწილეთა [მიმართ] ანგარიშსწორება ფიზიკური ანგარიშსწორება". - თქვა შაიშმელაშვილმა.
პოლიციის პოლკოვნიკმა შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მან პატაკი შს მინისტრს 3 დეკემბერს ჩააბარა.





