აშშ-ს ჰელსინკის კომისია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას აკომენტარებს და წერს, რომ ამერიკელები ქართველი ხალხის გვერდით დგანან მათ ბრძოლაში ივანიშვილის ტირანიის წინააღმდეგ. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-მ ივანიშვილს სანქციები საქართველოს რუსეთისკენ და რუსეთის სტილის ავტოკრატიისკენ ძალით წაყვანისთვის დაუწესა.
ამის შესახებ ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.
"წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშის ზარს სცემდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და საქართველოს დემოკრატიის საბოტაჟის, მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისა და საქართველოს არჩეული ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის კოორდინირებული ძალისხმევის შესახებ.
დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა, საქართველოს რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ ძალით წაყვანაში მისი მოწინავე როლისთვის. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას მათ მიმდინარე ბრძოლაში ივანიშვილის ტირანიისგან საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად". - წერს აშშ-ს ჰელსინკის კომისია.
მანამდე, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.