დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

სირიაში ასადის მხარდამჭერ ძალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაღუპულია 14 პოლიციელი

სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 14 პოლიციელი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას სირიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, მოჰამედ აბდელ რაჰმანი Telegram-ზე ადასტურებს.

მინისტრის თქმით, გარდამავალი ხელისუფლება მკაცრ ზომებს მიიღებს "ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედავს, შეარყიოს სირიის უსაფრთხოება ან საფრთხე შეუქმნას მისი მოქალაქეების სიცოცხლეს".

მანამდე, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ჰომსში ადგილობრივი ალავიტებისა და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ დაწყებული არეულობის გამო ერთი დღით კომენდანტის საათი დააწესა.

ადგილობრივების თქმით, დემონსტრაციები დაკავშირებული იყო ბოლო დღეებში ალავიტების რელიგიური ჯგუფის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობასთან. როგორც გამოცემა Reuters წერს, ალავიტები დიდი ხნის განმავლობაში ასადის რეჟიმის ერთგულად ითვლებოდნენ.


8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა. 

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები