სირია

სირიაში საშობაო ნაძვის ხის დაწვას მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა

პროტესტი დამასკოში
ფოტო: Reuters

სირიაში, ქალაქ ჰამას მახლობლად საშობაო ნაძვის ხის დაწვას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

ორშაბათს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანდა, როგორ წვავენ შეიარაღებული ნიღბიანი პირები ქალაქ ელ-სუკაილაბიას ერთ-ერთ მთავარ მოედანზე საშობაო ნაძვის ხეს. ელ-სუკაილაბია ცენტრალური სირიის ქალაქია, რომელშიც ძირითადად ქრისტიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი ახალი მმართველებისგან რელიგიური უმცირესობების დაცვას ითხოვს. ქვეყნის დედაქალაქში, დამასკოში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები - "ვითხოვთ ქრისტიანების უფლებების დაცვას!".

გამარჯვებული ამბოხებულების, სუნიტურ ისლამისტური ჯგუფი ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის (HTS) რელიგიური ლიდერის თქმით, ნაძვის ხეს უახლოეს მომავალში აღადგენენ, ხოლო დამნაშავეები, რომლებმაც ის დაწვეს, დაისჯებიან. HTS-ს რელიგიური ლიდერის ინფორმაციით, ნაძვის ხის დაწვაში ეჭვმიტანილები უცხო ქვეყნის მებრძოლები არიან.

CNN-ის ინფორმაციით, აჰმედ ალ-შარაამს ნათქვამი აქვს, რომ მისი ჯგუფი სირიაში მცხოვრებ უმცირესობებისა და რელიგიური თემების უფლებებს დაიცავს. HTS-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ 25 და 26 დეკემბერი ოფიციალური დასვენების დღეები იქნება.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ნაძვის ხის დაწვაში მონაწილე პირები ისლამური დაჯგუფების ანსარ ალ-ტაჰვიდის წევრები არიან.

კომენტარები